აშშ-ში გაქცეული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა ერთბაშად 4600%-ით გაიზარდა
02/12/2022 07:14:39 მსოფლიო
უკრაინაში მიმდინარე ომმა და მასობრივმა მობილიზაციამ აშშ-ში რუსეთს მოქალაქეთა არალეგალური ემიგრაციის უპრეცედენტო ტალღა გამოიწვია.
2022 ფინანსური წლის განმავლობაში შტატების სამხრეთ საზღვარზე რუსეთის 21 763 მოქალაქე დააკავეს, - იუწყება "The New York Times" ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდობით და იქვე დასძენს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის პასპორტების მქონე იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც მექსიკა-აშშ-ის საზღვრის არალეგალური კვეთისას დააკავეს, 47-ჯერ, 4600%-ითაა გაზრდილი.
მარტო ოქტომბრის თვის განმავლობაში არალეგალ მიგრანტებთან მუშაობის სისტემამ რუსეთის თითქმის 4 000 მოქალაქე აიყვანა აღრცხვაზე, მაშინ, როცა მთელი 2020 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 467-ს შეადენდა.
ამერიკული კანონები ქვეყნის ტერიტორიაზე მოხვედრილ უცხოელებს თავშესაფრის მინიჭების გარანტიას აძლევს, მაგრამ ამისათვის მათ სამშობლოში რასობრივი, ეროვნული, პოლიტიკური თუ ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის კუთვნილების ნიშნით დევნის ფაქტი უნდა დაამტკიცონ.
"The New York Times"-ის ცნობით, ბევრ არალეგალ მიგრანტს დაკავების შემდეგ ათავისუფლებენ და მოგვიანებით მათ შესაძლებლობა ეძლევათ, სასამართლოს თავშესაფრის მინიჭების შესახებ განაცხადით მიმართონ. მაგრამ რუსეთის ათასობით მოქალაქე დროებითი განთავსების ცენტრებში ხვდება, სადაც მათთვის უფრო რთულია ადვოკატის მოძიება და აუცილებელი საბუთების შეგროვება.
აშშ-ში მოხვედრის ლეგალური გზები კი რუსეთის მოქალაქეებისთვის პრაქტიკულად ჩაიკეტა: დიპლომატების გაძევების შემდეგ რუსეთში აშშ-ის საელჩომ ვიზების გაცემა შეაჩერა. საკონსულო მომსახურება ვარშავაში გადაიტანეს, მაგრამ იქაური წარმომადგენლობაც პრაქტიკულად ხელმიუწვდომელი გახდა მას შემდეგ, რაც პოლონეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლა აკრძალა.


