ანექსირებულ ყირიმში ფეხბურთის 21 გულშემატკივრის დაკავების შესახებ იუწყებიან
01/12/2022 20:07:42 მსოფლიო
ანექსირებულ ყირიმში, 1 დეკემბერს რუსეთის უშიშროების ძალებმა დააკავეს ფეხბურთის 21 გულშემატკივარი.
„დადგინდა, რომ ისინი ყირიმის ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის გულშემატკივარი არიან და ფეხბურთის მატჩის შემდეგ თავიანთ ქალაქში მიემგზავრებოდნენ. 21 მოქალაქესთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ოქმები შედგა“,– იუწყება ადგილობრივი ე.წ. შსს.
მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებიან.
რუსი ძალოვანების ცნობით, დაკავებულები სიმფეროპოლის შემოვლით გზაზე სატრანსპორტო კვეთაზე შეიკრიბნენ. ფეხბურთის გულშემატკივრებმა ფოიერვერკი გაუშვეს და გაშალეს „ბანერი, რითაც საგზაო მოძრაობას შეუშალეს ხელი“.
როგორც იუწყებიან, 2022 წლის სეზონის ყირიმის საფეხბურთო კავშირის თასის ფინალურ მატჩში, რომელიც გაიმართა სოფელ აგარანოეს სტადიონზე, გაიმარჯვა სიმფეროპოლის კლუბმა TSK-Tavria-მ, რომელიც შეხვდა იალტის "რუბინს".


