
ჩხენკელი – სასკოლო კვებაზე: "სხვადასხვა მოდელი განიხილება"
01/12/2022 19:30:46 საზოგადოება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში სასკოლო კვების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ სამუშაო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მუშაობა დაიწყო უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომელიც სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგენს.
შესწავლილ იქნა ადგილობრივი შესაძლებლობები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და მიმდინარეობს სასკოლო კვების კონცეფციაზე აქტიური მუშაობა. განიხილება კვების მიწოდების სხვადასხვა მოდელი, სურსათის უვნებლობის ექსპერტების და სხვა პროფესიონალების ჩართულობით, ქვეყნის მასშტაბით რეგიონებისა და რაიონების სპეციფიკის გათვალისწინებით. აღნიშნულ პროცესში პარლამენტის დარგობრივი კომიტეტებიც აქტიურად ჩაერთვებიან“, – თქვა მინისტრმა პარლამენტში.
მისი თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.