უკრაინის გენშტაბი – რუსეთი კონცენტრირებულია შეტევაზე ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებებით
01/12/2022 06:08:06 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია შეტევაზე უკრაინის აღმოსავლეთში, ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებებით.
გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 3 და დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის – ქალაქ ბახმუტთან.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამოქალაქო ობიექტებზე 2 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ზაპოროჟიეს ოლქში და თავდაცვის ძალების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე მიიტანეს 41 საავიაციო იერიში და 28 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ქალაქ ხერსონში.
გენშტაბის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების ავიაციამ 17 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე და 4 დარტყმა საზენიტო სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე. ჩამოგდებულია 1 უპილოტო საფრენი აპარატი.უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 7 ადგილი


