
თბილისში მოქალაქეების ნაწილი საახალწლო სლოგანს აპროტესტებს
30/11/2022 17:33:11 საზოგადოება
თბილისში მოქალაქეების ნაწილი საახალწლო სლოგანს "მშვიდობის ქალაქი" აპროტესტებს.
სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უდანაშულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება და უკრაინელები საკუთარი ღირსებისა და თავისუფლებისთვის გადასარჩენად იბრძვიან, პარტნიორი და მეგობარი ქვეყნისგან ამ ტიპის საახალწლო ბანერი მინიმუმ, არაჰუმანური და არამეგობრულია.
აქციის მონაწილეების ნაწილი თბილისის მერიას ხსენებული სლოგანის შეცვლას სლოგანით "ევროპული ქალაქი" სთავაზობს.
"ჩვენი იდეა, ჩემი და ჯარჯის, არის რომ დაერქვას "ევროპული ქალაქი". ანუ, საუბარია იმაზე, რომ ხაზი გაესვას, რომ ჩვენ გვინდა ევროპული ქალაქი და ჩვენ ვართ ევროპული ნაწილი, შესაბამისად, სოლიდარობა არის გამოცხადებული იმ ოჯახთან, რომელიც იბრძვის მეორე მხარეს და მხარს უჭერს უკრაინას. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებასაც უამრავი შემოთავაზება ექნება სლოგანთან დაკავშირებით და იქნებ, ისეთი სლოგანი მივიღოთ, რომ არ დავყოთ საზოგადოება და როგორც დაგვპირდა თბილისის მერი, რომ იქნებოდა ყველას მერი, იქნებ დაყოფის გარეშეც ეს ფუნქცია შეასრულოს და დაყოფის მაგივრად რაღაცნაირად გავერთიანდეთ", - ამბობს დავით დვალი.
29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მთავარი საახალწლო სლოგანი „თბილისი — მშვიდობის ქალაქი“ იქნება.
სლოგანმა საზოგადოების ნაწილის მხრიდან დიდი კრიტიკა გამოიწვია. "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა, რომ "ეს მეგობარი ხალხის უბედურებაზე ხაზგასმით პოლიტიკური დივიდენდების მიღების მცდელობაა ქართული ოცნების მხრიდან". თავის მხრივ, ქალაქის მერი კახა კალაძე აღნიშნავს, რომ "საახალწლო სლოგანში არ იყო ჩადებული არავითარი პოლიტიკური გზავნილი".