პირს ნათესავი ქალის მკვლელობისთვის 18–წლიანი პატიმრობა მიესაჯა

30-11-2022 10:53:39

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 16 მარტს თბილისში, გლდანის რაიონში, ანგარების მოტივით ბრალდებულმა ნათესავი ქალი, მისსავე ბინაში დანით კისრის არეში დაჭრა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით გარდაცვლილს ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა, ასევე, დაეუფლა გარდაცვლილის კუთვნილ ტელევიზორს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ანგარებით) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები