მედია – აშშ ცდილობს, შექმნას ჯგუფი, რომელიც უკრაინას დაეხმარება ენერგოკრიზისის დაძლევაში
30/11/2022 06:42:15 მსოფლიო
აშშ მუშაობს სპეციალური ჯგუფის შესაქმნელად, რომელმაც კოორდინაცია უნდა გაუწიოს უკრაინისთვის გენერატორების, ტრანსფორმატორების და სხვა საჭირო ტექნიკის მიწოდებას ქვეყნის ენერგოსისტემის აღსადგენად, – იუწყება The New York Times.
გამოცემის ინფორმაციით, ამ საკითხზე მოლაპარაკება დაიწყო „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ნოემბრის დასაწყისში გაიმართა გერმანიის ქალაქ მიუნსტერში. შემდეგი სხდომა დეკემბერში პარიზში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ინიციატივით და ხელმძღვანელობით უკვე მოქმედებს სპეციალური საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს და მისი მიზანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა.
29 ნოემბერს აშშ-მა განაცხადა, რომ უკრაინას 53 მილიონ დოლარს გამოუყოფს ელექტროქსელის მოწყობილობების შესაძენად. იმავე დღეს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ გერმანია 56 მილიონი ევროთი დააფინანსებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას და კიევს გაუგზავნის 350-ზე მეტ გენერატორს.
10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ძირითადად, ენერგოობიექტებზე 7 მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს , რამაც ქვეყანაში მწვავე ენერგოკრიზისი გამოიწვია.


