ჩეხი აქტივისტები მოითხოვენ, რუსეთის საელჩოს ელექტროენერგიის, გაზის და წყლის მიწოდება შეუწყვიტონ
30/11/2022 06:17:25 მსოფლიო
ჩეხეთში მოქმედმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ „საჩუქარი პუტინისთვის“ უკრაინის მხარდასაჭერად პეტიცია მოამზადა და სახელმწიფო და კერძო კომპანიებს მიმართა, ელექტროენერგიის, გაზის და წყლის მიწოდება შეუწყვიტონ პრაღაში რუსეთის საელჩოს და ყველა შენობას, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის.
პეტიციის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ჩეხეთმა ასე უნდა უპასუხოს უკრაინის ელექტროსადგურებსა და წყლით მომარაგების სისტემებზე რუსეთის უპრეცედენტო სარაკეტო შეტევას, რომლის შედეგად ელექტროენერგიის და წყლის გარეშე დარჩნენ საავადმყოფოები, საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, მაღაზიები და საწარმოები.
10 ოქტომბრის შემდეგ რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ძირითადად, ენერგოობიექტებზე 7 მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს , რამაც ქვეყანაში მწვავე ენერგოკრიზისი გამოიწვია.


