უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული
29/11/2022 11:16:51 მსოფლიო
უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.
27 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ეს კვირაც შესაძლოა, ისეთივე რთული იყოს, როგორიც წინა კვირა იყო:
"ტერორისტები ახალ დარტყმებს ამზადებენ და სანამ მათ რაკეტები აქვთ, არ დამშვიდდებიან".
ზელენსკიმ თანამოქალაქეებს მოუწოდა, გაითვალისწინონ საჰაერო განგაშის სიგნალები და შეძლებისდაგვარად ერთმანეთს დაეხმარონ.
23 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მიიტანეს მორიგი მასირებული სარაკეტო შეტევა. მომხდარის შედეგად დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი.
რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულად განადგურება 10 ოქტომბრიდან დაიწყო. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, დაზიანებული, ან დანგრეულია პრაქტიკულად, ყველა თბოელექტროსადგური და ჰესი. ელექტროგადამცემ ხაზებთან კავშირის დაკარგვის გამო პრობლემები იქმნება ატომურ ელექტროსადგურებზეც. ქვეყანაში უმწვავესი ენერგოკრიზისია.


