რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში "დემოკრატიისთვის წერტილის დასმას" ითხოვენ
29/11/2022 09:15:34 მსოფლიო
რუსეთის ხელისუფლებას ჰმართებს, ხისტი პოზიცია დაიკავოს იმ მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც არ ეთანხმებიან უკრაინასთან ომს, - განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, კულტურის კომიტეტის წევრმა, ქვეყნის დამსახურებულმა არტისტმა ელენა დრაპეკომ.
"ჩვენს ლიბერალ თანამემამულეებამდე ქვეყნის პოზიციის მიტანა შეუძლებელია: მათ უჩვენებ, მაგრამ ვერ ხედავენ, ეუბნები, მაგრამ არ ესმით. სახელმწიფო მეტისმეტად რბილია მოქალაქეთა ამ ნაწილის მიმართ, როცა მათ აზრის ღიად გამოთქმის უფლებას აძლევს. გვეუხერხულება, ვაწყენინოთ, - ვაი და მათი უფლებები დავარღვიოთ. ასეთი დემოკრატია და ტოლერანტობა გვაქვს რუსეთში და ვფიქრობ, დროა, მას წერტილი დაესვას" - განაცხადა დეპუტატმა.
მან კულტურის ის მოღვაწეებიც გააკრიტიკა, რომლებმაც უკრაინასთან ომის გამო რუსეთი დატოვეს: "მოვა დრო და დაბრუნება მოუნდებათ. მაშინ დავდგებით კითხვის წინაშე, რა მოვიმოქმედოთ მათ მიმართ? პირადად მე ამ კითხვაზე ძალიან მკაცრი პასუხი მაქვს. ახლა ის დრო არაა, რომ მსგავსი მოქალაქეების მიმართ ლოიალურობას ვიჩენდეთ", — დასძინა მან.
ცნობისთვის: 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთში კანონმდებლობა გამკაცრდა. დაწესდა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი სასჯელები "ჯარის შესახებ ფეიქების გავრცელების გამო". რუსეთის მოქალაქეებს ომის ომად მოხსენიებაც კი აუკრძალეს და საბრძოლო მოქმედებების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებაც, გარდა იმისა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერაა მიწოდებული.
მარტიდან ნოემბრუს ჩათვლით სასამართლოებს "არმიის დისკრედიტაციის" შესახებ 5000-ზე მეტი პროტოკოლი მიეწოდათ, აღიძრა რამდენიმე ასეული საქმე, რომელთა ფიგურანტებს 3-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


