ISW – ოკუპანტები ბახმუტში წარმატებებზე ცნობებს აზვიადებენ
29/11/2022 07:37:57 მსოფლიო
ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის ცნობები ბახმუტთან წინსვლის შესახებ არ მიუთითებს ქალაქის გარდაუვალ ალყაზე.
"გეოლოკაციის გამოსახულებები აჩვენებს, რომ ოკუპანტებმა სავარაუდოდ, დაიპყრეს სოფელი ოზარიანოვკა, რომელიც ბახმუტიდან სახმრეთ-დასავლეთით 15 კმ-ში მდებარეობს. გარდა ამისა, რუსები ამტკიცებენ, რომ მათ დაიპყრეს კურდიუმოვკა, კლიშივკა, ანდრიივკა, ზელენოპოლია, პოდგოროდნი და სპირნე, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ღია წყაროებში არ არსებობს", – აცხადებს ISW.
მისი ინფორმაციით, რუსები ცრუ ცნობებს ავრცელებენ ბახმუტის გარშემო წარმატებების შესახებ. ISW აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი ცნობები შემდგომი წარმატებების შესახებ შესაძლოა, ამ საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი იყოს.


