რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უკრაინელი თანამშრომლების ნაწილს აღარ უშვებს
29/11/2022 06:56:32 მსოფლიო
რუსეთმა დაადასტურა უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელი თანამშრომლების ნაწილს სადგურის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.
რუსული კონცერნის „როსენერგოატომის" გენერალური დირექტორის მრჩეველმა რენატ კარჩაამ სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ საშვები დაუბლოკეს მათ, ვინც უარს ამბობს ახალ დამსაქმებელთან, რუსეთის მიერ შექმნილ სააქციო საზოგადოებასთან მუშაობასა და შესაბამისი კონტრაქტების ხელმოწერაზე.
"ახალ ხელშეკრულებას არ დათანხმდნენ ერთეულები, მათ შორის არიან ისინი, ვინც ახდენდა საბოტაჟს, ღიად მტრული გამონათქვამები ჰქონდა რუსეთის და მისი შეიარაღებული ძალების მისამართით და კოლექტივში ავრცელებდა დესტრუქციულ განწყობებს“, – განაცხადა კარჩაამ.
უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულია 2022 წლის მარტიდან. სადგურზე დატოვეს უკრაინული პერსონალი, თუმცა გენერალური დირექტორი და რამდენიმე სხვა ხელმძღვანელი კიევის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გააძევეს. მას შემდეგ, რაც ოქტომბრის დასაწყისში, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ე.წ. საკონსტიტუციო კანონებს რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ოთხი რეგიონის - ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის მიღების შესახებ, პუტინმა რუსეთის მთავრობას დაავალა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ფედერალურ საკუთრებაში მიიღოს.


