კლიჩკო: "კიევში ნაძვის ხეები დაიდგმება, ჩვენ არ შეგვიძლია, პუტინს შობის მოპარვის უფლება მივცეთ"
29/11/2022 06:27:51 მსოფლიო
კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში ნაძვის ხეები დაიდგმება, მათ შორის მთავარი ნაძვის ხე – სოფიას მოედანზე.
როგორც მან განმარტა, აღნიშნული არა საბიუჯეტო სახსრების, არამედ კერძო ბიზნესის ხარჯებით განხორციელდება.
„ომის დროს მასობრივი ღონისძიებები აკრძალულია და მათ არავინ გამართავს. თუმცა არავინ აპირებს ახალი წლისა და შობის გაუქმებას და საახალწლო ატმოსფერო უნდა იყოს. ჩვენ არ შეგვიძლია, პუტინს შობის მოპარვის უფლება მივცეთ", – განაცხადა კლიჩკომ RBC Ukraine-სთან საუბრისას.
მისი თქმით, იყო განსხვავებული მოსაზრებები იმის შესახებ, იყო თუ არა მიზანშეწონილი ომის დროს შობა–ახალი წლის აღნიშვნა, მაგრამ მან ისაუბრა სამხედროების მოსაზრებებზე, რომლებმაც, კლიჩკოს თქმით, მერს განუცხადეს, რომ სურთ, მათ შვილებს დღესასწაული ჰქონდეთ.
"მხოლოდ ნაძვის ხეებს დავდგამთ, რათა ჩვენს ბავშვებს საახალწლო განწყობა შეახსენოს", – დასძინა მერმა.
YASNO, რომელიც ელექტროენერგიას აწვდის კიევს, აცხადებს, რომ ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, ნაძვის ხეები განათების გარეშე იქნება.


