რომის პაპმა ჩეჩნებსა და ბურიატებს უკრაინაში რუსული არმიის „ყველაზე სასტიკი ნაწილი“ უწოდა
29/11/2022 06:35:15 მსოფლიო
რომის პაპმა ფრანცისკემ, უკრაინის ომზე საუბრისას, ჩეჩნებსა და ბურიატებს უწოდა "უკრაინაში რუსული ჯარების ყველაზე სასტიკი ნაწილი" და აღნიშნა, რომ "თუ არიან მოწამეები, უნდა იყვნენ ისინი, ვინც მათ აწამებს". ამის შესახებ მან "ამერიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.
"როცა მე ვსაუბრობ უკრაინაზე, ვსაუბრობ ერზე, რომელმაც მოწამეობრივი სიკვდილი მიიღო. თუ თქვენ გყავთ მოწამეები, გყავთ ისინიც, ვინც მათ აწამებს. როდესაც მე ვსაუბრობ უკრაინაზე, მე ვსაუბრობ სისასტიკეზე, რადგან მე ბევრი ინფორმაცია მაქვს იქ შეყვანილი ჯარის სისასტიკის შესახებ. როგორც წესი, ყველაზე სასტიკები, ალბათ, არიან ისინი, ვინც რუსეთიდან არიან, მაგრამ არ იცავენ რუსულ ტრადიციას – ჩეჩნები, ბურიატები და ა.შ. “- განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.
საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ პაპის განცხადება ჩეჩნებისა და ბურიატების შესახებ არის „სიმართლის აღმაშფოთებელი გარყვნა."
თავის მხრივ, ბურიატიის ხელმძღვანელმა ალექსეი ციდენოვმა თქვა, რომ "ბურიატიელი მეომრები პატივით ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და რუსული არმიის საუკეთესო ტრადიციების მაგალითები არიან".
მიმდინარე წლის მაისში რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, პატრიარქ კირილს ესაუბრა უკრაინის ომის შესახებ.
მისი თქმით, საუბარი 40 წუთს გაგრძელდა. პირველი 20 წუთის განმავლობაში რუსეთის პატრიარქი, ფურცლით ხელში, უკითხავდა მას "ყველა მიზეზს, რომელიც ამართლებს რუსეთის შეჭრას უკრაინაში". პონტიფიკოსმა, თავის მხრივ, უთხრა, რომ "უნდა ეძებონ გზა მშვიდობისაკენ". „პატრიარქი პუტინის სამსხვერპლო ბიჭად არ შეიძლება, იქცეს", - მოყვა პაპმა საუბრის შინაარსი.
ამასთან დაკავშირებით, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა დეპარტამენტმა 4 მაისს გაავრცელა კომენტარი, სადაც ნათქვამია, რომ ფრანცისკემ „არასწორი ტონი აირჩია ამ საუბრის შინაარსის გადმოსაცემად“.


