Accentnews.ge
თოლორაია: "შესწავლის საგანი უნდა გახდეს, ვინ გადასცა ჟურნალისტს ტელეფონის ნომრები"

თოლორაია: "შესწავლის საგანი უნდა გახდეს, ვინ გადასცა ჟურნალისტს ტელეფონის ნომრები"

28/11/2022 16:32:47 საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის“ დამფუძნებელი, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ეხმიანება ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტის მიერ ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტს და აცხადებს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი არ ვრცელდება ჟურნალისტებზე.

მისი თქმით, პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო ორგანოს შესწავლის საგანი უნდა გახდეს, ვინ გადასცა "იმედის" ჟურნალისტს მითითებული პერსონალური მონაცემები — ტელეფონის ნომრები.

თოლორაია განმარტავს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი არ ვრცელდება ჟურნალისტებზე. შესაბამისად, მედიის წარმომადგენლის მიერ ამ კანონის დარღვევის/არდარღვევის ფაქტზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ვერ იმსჯელებს.

„ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ჟურნალისტი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლება (ფიზიკური პირების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა). ჟურნალისტს სხვისი პირადი ცხოვრების პატივისცემას ასევე ავალდებულებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-10 პრინციპი (ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას). ჟურნალისტის ეს ქმედება არა მხოლოდ არღვევს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ასევე უდიდეს საფრთხეს უქმნის აზრის გამოხატვის თავისუფლებას და წარმოშობს ფიზიკურ პირთა უსაფრთხოების რისკებს. აუცილებელია ჟურნალისტმა ამ საფრთხეებზე იფიქროს. სიუჟეტი აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ მისთვის ტელეფონის ნომრების გადაცემა განახორციელა პირმა/უწყებამ, რომელსაც ხელი მიუწვდება ოფიციალურ მონაცემთა ბაზაზე. სამწუხაროდ, პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო ორგანოს არაერთხელ დაუდგენია ოფიციალურ მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების უკანონოდ სხვისთვის გადაცემის ან/და პირადი მიზნებით გამოყენების ფაქტი“, —აცხადებს თოლორაია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S