
ნადირაძე –სააკაშვილის შესახებ: "ამ ეტაპზე ტრანსპორტირება არ იყო გამართლებული"
28/11/2022 14:06:52 პოლიტიკა, საზოგადოება
კლინიკა "ვივა მედის" დირექტორის ნინო ნადირაძის განცხადებით, ექიმებმა ჩათვალეს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ტრასპორტირება გამართლებული არ იყო და სწორედ ამიტომ იგი დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრო.
"არც მანამდე, არც ერთხელ არ მიგვიცია ტრანსპორტირებაზე თანხმობა. ჩატარდა ნევროლოგის კონსულტაცია, რომელმაც აღნიშნა უარყოფითი დინამიკა, დაინიშნა შესაბამისი კვლევები, დღეს და ხვალ ამ კვლევებს კიდევ ჩავატარებთ, განისაზღვრება შემდეგი მკურნალობის ტაქტიკა და ჩვენ, ექიმები ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტირება არ იყო გამართლებული", – აცხადებს ნინო ნადირაძე.
ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელზეც საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდი უნდა განეხილათ, კვლავ გადაიდო. სხდომას ბრალდებული არ დასწრებია. სხდომაზე მოსამართლემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილია ცნობა, რომლის მიხედვით, ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
საქართველოს ექს–პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. იგი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.
დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.
კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და ექს–პრეზიდენტის საზღავრგარეთ გადაყვანას მოითხოვს. თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.