Accentnews.ge
ლომჯარია: "სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და ეს ვიზუალურადაც შესამჩნევია"

ლომჯარია: "სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და ეს ვიზუალურადაც შესამჩნევია"

28/11/2022 11:04:00 პოლიტიკა, საზოგადოება

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და ეს ვიზუალურადაც შესამჩნევია. ამის შესახებ ლომჯარიამ კლინიკა "ვივა მედში" სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

„პირადად მიხეილ სააკაშვილს 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, მას უჭირს საუბარი. შარშანდელთან შედარებით ვიზუალურად განსხვავებული იყო. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რომ გაუარესებულია ვიზუალურად ეტყობა. წონა მკვეთრად დაკარგული აქვს. როგორც ექიმებმა დამიდასტურეს, სულ წევს, ფეხზე არ დგება და არ ჯდება. ასევე, ცუდად იკვებება და ცოტას ჭამს. ჯანმრთელობის მდგომარეობის უკუსვლა ოქტომბრიდან აქვს. ექიმები იხსენებენ შემთხვევას, როცა მასთან პროკურორი და მოსამართლე შევიდა, ამის შემდეგ ემოციურ ფონზე ვითარება დამძიმდა. ნევროლოგსაც ბოლო დასკვნა გაკეთებული აქვს. ის საუბრობს ნევროლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე. მკურნალ ექიმს ვესაუბრე და როგორც ამიწერეს, მდგომარეობა ოქტომბრიდან გართულდა. მანამდე სტაბილურად იყო, მეტ-ნაკლებად დადიოდა და კვებაც მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული ჰქონდა. შეიძლება ითქვას, ოქტომბრიდან მუდმივად წევს, მოტორიკა შენელებული აქვს, ხელის მოძრაობა უჭირს, ფეხზე არ დადის და სულ წევს", – აცხადებს ლომჯარია.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის სურვილია დღევანდელ სასამართლო პროცესს საქალაქო სასამართლოში დაესწროს, მაგრამ მისთვის გაუგებარია, ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე იგი ამას როგორ შეძლებს:

"მას თვითონ აქვს სურვილი სხდომას დაესწროს. მე არ ვიცი, ეს როგორ უნდა შეძლოს, მას ეს გაუჭირდება. კლინიკას შეუძლია გასცეს რეკომენდაცია და თავისი პოზიცია დააფიქსიროს, მაგრამ კლინიკა მას ვერ შეაჩერებს. კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიმართ მას პრეტენზიები არ აქვს“.

სახალხო დამცველის თქმით, სასამართლოში შუამდგომლობის დაყენება ექსპერტიზის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული.

„ექსპერტიზის დასკვნა იქნება მრავალმხრივი, ჩვენც დასკვნიდან გამომდინარე რეკომენდაცია გვექნება. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საერთო ჯამში, მკვეთრად გაუარესებულია. თუნდაც ის, რომ 40 დღის შიმშილობის შემდგომ ის ფეხზე იდგა და დღეს კომუნიკაციაც კი უჭირს“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S