აშშ-მა "Chevron"-ს ვენესუელაში ნავთობის მოპოვების განახლების ნება დართო
28/11/2022 09:36:29 მსოფლიო
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ კომპანია "Chevron"-ს ვენესუელაში ნავთობის მოპოვების განახლების ლიცენზია მისცა.
ამერიკული კომპანიის მუშაობაში რამდენიმეწლიანი პაუზა ვაშინგტონის მიერ კარაკასისთვის ოპოზიციის დევნით გამოწვეული სანქციებით იყო განპირობებული.
გასულ შაბათს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მთავრობა და ოპოზიციური კოალიცია $3 მლრდ-იანი ჰუმანიტარული პროგრამის რეალიზებაზე შეთანხმდნენ. თანხა უცხოეთში ვენესუელის გაყინული ანგარიშებიდან გამოიყოფა. გარდა ამისა, ისინი გააგრძელებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.
ამ შეთანხმებების მიღწევაში მხარეებს ნორვეგია დაეხმარა.
თავის მხრივ ვაშინგტონი, დაპირებისამებრ, ნებას რთავს ამერიკულ "Chevron"-ს, ვენესუელურ სახელმწიფო კომპანია "Petroleos de Venezuela"-სთან (PDVSA) ერთობლივ ნავთობმოპოვებას დაუბრუნდეს.
ნახევარი წლით გაცემული ლიცენზიის პირობების თანახმად, "PDVSA Chevron"-ის მიერ ნავთობის რეალიზებიდან ამოღებულ თანხებს არ მიიღებს, გაყიდვები "გამჭვირვალე, კანონიერ კალაპოტს" უნდა დაუბრუნდეს და გამოირიცხოს იმ "კორუმპირებული ფირმების გამოყენება, რომლებიც აკონტროლებდნენ ვენესუელური ნავთობის მიწოდებას ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ჩინეთი". მხოლოდ და მხოლოდ აშშ-ში გასასაღებელი ნავთობის რეალიზებიდან მიღებული თანხები "Chevron"-ის წინაშე "PDVSA"-ს მრავალმილიონიანი დავალიანების დაფარვაზე მიიმართება.
ლიცენზია ასევე კრძალავს ოპერაციებს, რომლებშიც ირანული ან რუსული კომპანიები იქნებიან ჩართულები, - ისინი, ვინც დიდი ხანია, ეხმარება მადუროს რეჟიმს სანქციების გვერდის ავლაში.
კარაკასის მიერ პირობების დარღვევის შემთხვევაში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ შეიძლება, ლიცენზია გაიწვიოს.
ვენესუელას მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი მარაგები აქვს. ქვეყანაში ნავთობის მოპოვებამ 1990-იან წლებში დღე-ღამეში 3 მლნ ბარელს მიაღწია. 2008 წელს ვენესუელას დღე-ღამეში 2,4 მლნ ბარელი ნავთობი გააჩნდა. იგი მსოფლიოში მე-10 ადგილს იკავებდა წარმოების და მე-8-ს ექსპორტის კუთხით. თუმცა მადუროსა და მისი წინამორბედი უგო ჩავესის კორუმპირებული რეჟიმების არაეფექტური საქმიანობის, ასევე რიგი დასავლური კომპანიების ნაციონალიზაციის გამო ნავთობის მოპოვება მკვეთრად დაეცა და ამ დროისთვის დღე-ღამეში 700 000 ბარელზე ნაკლებს შეადგენს.


