პუტინმა დაღუპული მეომრების დედებს განუცხადა, რომ მათი შვილები მაინც მოკვდებოდნენ
28/11/2022 08:54:14 მსოფლიო
ყველა ადამიანი მოკვდავია, ეს გარდაუვალია და მაინც მოხდებოდა, - ასე "ანუგეშა", რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინასთან ომში დაღუპული ერთ-ერთი მეომრის დედა მობილიზებულთა მშობლებთან შეხვედრაზე.
"ზოგიერთი ადამიანი ისე ცხოვრობს, ვერც გაიგებ, ცხოვრობს თუ არა და ამ ქვეყნიდან არყის ან კიდევ რაიმე მსგავსი მიზეზით მიდის. წელიწადში ავტოსაგზაო შემთხვევებში 30 ათასამდე მოქალაქე გვეღუპება, დაახლოებით ამდენივე - ალკოჰოლიზმისგან. იცხოვრეს თუ არა - ვერც გაიგებ, მათი არსებობა შეუმჩნეველი დარჩა. მაგრამ თქვენმა შვილმა იცხოვრა, მისი მიზანი მიღწეულია, ეს კი ნიშნავს, რომ იგი ამ ქვეყნიდან ტყუილად არ წასულა" - მიმართა პუტინმა ქალს, რომლის ვაჟი 2019 წელს იმხანად ჯერ კიდევ არაანექსირებულ დონბასში დაიღუპა.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მონაცემებით, უკრაინასთან ომის დაწყების დროიდან რუსეთმა დაღუპულებისა და დაჭრილების სახით უკვე 100 000-ზე მეტი მოქალაქე დაკარგა. თავად რუსეთს 21 სექტემბრის მდგომარეობით მხოლოდ 5937-ის დაღუპვა აქვს აღიარებული.


