ირანში აიათოლა ჰომეინის დისშვილი დააკავეს
28/11/2022 07:22:46 მსოფლიო
ირანის სულიერი ლიდერისა და ხელმძღვანელის აიათოლა ალი ჰომეინის დისშვილი, უფლებადამცველი ფარიდა მორადხანი დააკავეს მას შემდეგ, რაც მან მსოფლიო საზოგადოებას ქვეყნის ხელისუფლებასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდა,– ამის შესახებ CNN, Reuters და AFP მორადჰანის ძმაზე დაყრდნობით იტყობინებიან.
მაჰმუდ მორადხანმა, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, თქვა, რომ მან წინასწარ ჩაწერილი ვიდეო 23 ნოემბერს დის დაკავების შემდეგ გაავრცელა.
„თავისუფალო ადამიანებო, იყავით ჩვენთან და უთხარით თქვენს მთავრობებს, შეწყვიტონ ამ სისხლიანი რეჟიმის მხარდაჭერა, რომელიც ბავშვებს კლავს. ეს რეჟიმი არ არის ერთგული თავისი რელიგიური პრინციპების მიმართ და არ იცის სხვა კანონები და რეგულაციები, გარდა ძალისა და ძალაუფლების ყველა შესაძლო გზით შენარჩუნებისა!“, - განაცხადა მორადჰანიმ.
მისი თქმით, ირანელები საომარ მდგომარეობაში არიან მათთან, ვინც მხარს უჭერს ირანის ხელისუფლებას და მოუწოდა დემოკრატიულ ქვეყნებს, გაიყვანონ თავიანთი წარმომადგენლები ირანიდან და "შეაჩერონ ყოველგვარი გარიგება თეირანთან".
მიმართვიდან ვიდეოს ჩაწერის თარიღი არ ირკვევა.
ფარიდ და მაჰმუდ მორადხანები არიან სასულიერო პირისა და ოპოზიციონერი ალი თეირანის შვილები, რომელიც ოქტომბერში გარდაიცვალა. ის ჰომეინის დაზე იყო დაქორწინებული.
ირანში პროტესტმა სექტემბერში იფეთქა 22 წლის ქალის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. ის პოლიციის განყოფილებიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ძალადობა გახდა. პოლიცია ძალადობრივი გზებით ცდილობს პროტესტის ჩახშობას. უფლებადამცველების თქმით, საპროტესტო აქციების დროს სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს მინიმუმ 326 ადამიანი, მათ შორის 43 ბავშვი; დააკავეს 15 ათასზე მეტი ადამიანი. 14 ნოემბერს ირანის სასამართლომ აქციის მონაწილეს პირველი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.


