
საპატრიარქო: "სამწუხაროა, რომ მასმედიით მოხდა ამ დანაშაულზე უხეში ფორმით საუბარი, ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც, რაც ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია"
28/11/2022 06:57:59 საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ა.წ. 26 ნოემბრის ღამეს ხაშურში ჩადენილი შემაძრწუნებელი ფაქტი როგორც ჩვენგან, ისე საზოგადოებისგან უმკაცრეს შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს. სამწუხაროა, რომ მასმედიით მოხდა მონაზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება და ამ დანაშაულზე უხეში ფორმით საუბარი, ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც… რაც, თავის მხრივ, ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია.
ამავე დროს, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აღნიშნულ ტრაგედიასთან დაკავშირებით დიდი გულისტკივილის გამოხატვისა და ჩვენი მწუხარების გაზიარებისათვის. ვიმედოვნებთ, ობიექტური გამოძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
მანამდე, განცხადება გაავრცელა საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
“გამალებული და ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთ საშუალების ("მთავარი არხი", "ტვ პირველი", "ფორმულა"), „თეოლოგის“ თუ „ექსპერტის“ მხრიდან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა, მისი ეკონომიური აღმასვლა და პოლიტიკური გამარჯვებები მართლმადიდებლური ეკლესიის სრული რეორგანიზაციით ან, საერთოდ, დაშლით უნდა მოხდეს, მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს... თუ ხედავს, რომ დასაშვებია ეკლესიის გამუდმებული დადანაშაულება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკის გატარებაში, თუ ხედავს, რომ დასაშვებია, სვეტიცხოვლის ეზოში სვეტიცხოვლობა დღეს სასულიერო პირებს „ბანდიტები“ უწოდოს (,,ტვ პირველი") ჟურნალისტმა, თუ დასაშვებია მსახურებების ჩაშლა (,,მთავარი არხის" ჟურნალისტის მიერ მარტვილის ტაძარში) და პატრიარქის ქვეყნის მტრად გამოცხადება, რაღა რჩება იქიდან, რისი დაშვებაც შესაძლებელია იმ ავაზაკი ადამიანის გონებაში, რომელსაც ღმერთის არ ეშინია?! - ის, რაც მოხდა დღეს ხაშურის დედათა მონასტერში”, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მიიჩნევს, რომ "ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე ნამდვილად არასწორია".
„შეიძლება მან გადაამლაშა. ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე, რომ თქვენი ბრალია ყველაფერი, ნამდვილად არასწორია. ვერ გეტყვით, ეს მისი პირადი ინიციატივაა და თავის პოსტზე დადო, თუ ეს იყო საპატრიარქოს განცხადება. მგონი, ეს არ იყო საპატრიარქოს განცხადება... ვფიქრობ, განზოგადება მაინც არ არის სწორი და არ შეიძლება ითქვას, რომ ეს საპატრიარქოს პოზიციაა“, - განუცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ტელეკომპანია „მთავარ არხს“.
ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა. უარის მიღების შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა, მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ასევე, მონაზონს წაართვეს მობილური ტელეფონი, კვლავ სცემეს და დატოვეს უგონო მდგომარეობაში. ბრალდებულებმა ეკლესიიდან წაიღეს შესაწირი ყუთები მასში მოთავსებული ფულადი თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცავებმა ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.