უკრაინის გენშტაბი – რუსეთის შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან
28/11/2022 06:06:53 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქებთან, ბახმუტსა და სოლედართან.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რეგიონების სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს 4 სარაკეტო დარტყმა. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში თავდაცვის ძალების პოზიციებზე იყო 50-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით, საოკუპაციო ძალები იყენებენ ტანკებს და არტილერიას.
გენშტაბის განცხადებით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების საფრთხე კვლავ არსებობს.
უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 4 ადგილი.


