ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასირებული შეტევა მიმდინარე კვირაშიც განახორციელოს
28/11/2022 05:31:16 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ეს კვირაც შესაძლოა, ისეთივე რთული იყოს, როგორიც წინა კვირა იყო.
მისი თქმით, "ტერორისტები ახალ დარტყმებს ამზადებენ და სანამ მათ რაკეტები აქვთ, არ დამშვიდდებიან".
ზელენსკიმ თანამოქალაქეებს მოუწოდა, გაითვალისწინონ საჰაერო განგაშის სიგნალები და შეძლებისდაგვარად ერთმანეთს დაეხმარონ. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რეგიონების უმრავლესობაში მოქმედებს ელექტროენერგიის მიწოდების ის გრაფიკი, რომელიც სისტემის სტაბილიზაციისთვისაა საჭირო და ენერგეტიკოსები სიტუაციას აკონტროლებენ.
23 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მიიტანეს მორიგი მასირებული სარაკეტო შეტევა. მომხდარის შედეგად დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი.
რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულად განადგურება 10 ოქტომბრიდან დაიწყო. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, დაზიანებული, ან დანგრეულია პრაქტიკულად, ყველა თბოელექტროსადგური და ჰესი. ელექტროგადამცემ ხაზებთან კავშირის დაკარგვის გამო პრობლემები იქმნება ატომურ ელექტროსადგურებზეც. ქვეყანაში უმწვავესი ენერგოკრიზისია.


