ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა
24/11/2022 12:29:25 მსოფლიო
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი 507 ხმით, 38-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
"ევროპარლამენტმა ახლახან დაამტკიცა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გადაცემა, რათა ქვეყანა გადაურჩეს ამ ომს და მალევე დაიწყოს რეკონსტრუქცია. უკრაინა 9 თვეა, კრემლის ომშია, ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ ძლიერდება. ჩვენ არ შევიცვლით პოზიციას“, -აცხადებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.
6 დეკემბერს გადაწყვეტილებას საბჭოში უყრიან კენჭს.
აღნიშნული თანხა არის გრძელვადიანი (35-წლიანი) შეღავათიანი სესხი რეფორმების გატარების პირობითობით. თანხა მოხმარდება ძირითადი საჯარო სერვისების მხარდაჭერას, როგორიცაა საავადმყოფოების, სკოლების მართვა და იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებლის უზრუნველყოფა, ასევე, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და რუსეთის მიერ განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა. სესხის პირობა მოითხოვს რეფორმებს ინსტიტუტების გასაძლიერებლად და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. ამასთან, პირობები მოიცავს ანტიკორუფციულ ღონისძიებებს, სასამართლო რეფორმას, კანონის უზენაესობის პატივისცემას, კარგ მმართველობასა და ინსტიტუტების მოდერნიზებას, რასაც ევროკომისია ყოველი ტრანშის წინ შეაფასებს.
უკრაინისთვის გამოყოფილ თანხას ევროკავშირი კაპიტალის ბაზრებიდან ისესხებს. უნგრეთმა განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას ერთობლივ სესხებში, თუმცა მზადაა, ევროკავშირის მხარდაჭერის პაკეტში თავისი წილი – 187 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება უკრაინას ორმხრივ ფორმატში გამოუყოს.


