უნგრეთი უკრაინას ფინანსური დახმარების სახით 195 მლნ დოლარს გამოუყოფს
24/11/2022 10:46:17 მსოფლიო
უნგრეთი უკრაინას ფინანსური დახმარების სახით 195 მლნ დოლარს გამოუყოფს. ეს იქნება მისი წილი ევროკავშირის მხარდაჭერის პაკეტში, რომელმაც 2023 წელს 18,6 მილიარდამდე დოლარი უნდა შეადგინოს, – ნათქვამია უნგრეთის მთავრობის ბრაძენებულებაში.
უნგრეთის მთავრობის განცხადებით, მას სურს თავისი წილის გადახდა უკრაინის დასახმარებლად, თუმცა ურჩევნია, ეს მოხდეს ორმხრივი ფორმით, ვიდრე გამეორდეს ევროკავშირის ერთობლივი სესხების პრაქტიკა, რომელსაც ბლოკი მიმართავდა თავისი ეკონომიკების გასაძლიერებლად COVID-19-ის პანდემიის დროს.
ბრძანებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აწერს ხელს, ასევე ნათქვამია, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან ფინანსური დახმარებისთვის საჭირო შეთანხმების შესამუშავებლად.
სესხისთვის თანხების უზრუნველსაყოფად, რომლის დაფარვა უკრაინას 35 წლის განმავლობაში მოუწევს, ევროკომისია სესხს კაპიტალის ბაზრებზე აიღებს. თუმცა, ფინანსური პაკეტი ევროპარლამენტმა და ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. უნგრეთი აცხადებდა, რომ ერთობლივ სესხში მონაწილეობას არ მიიღებდა.


