ევროპა უკრაინის დასახმარებლად კამპანიას სახელწოდებით "იმედის გენერატორები" იწყებს
24/11/2022 09:49:50 მსოფლიო
ევროპა ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინის დასახმარებლად ქვეყანაში გენერატორებს გაგზავნის და ამ მიზნით კამპანიას სახელწოდებით "იმედის გენერატორები" იწყებს. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა.
იგი ევროპის ქალაქებს მოუწოდა, კამპანიას შეუერთდნენ.
„ჩვენ უკვე ვუწევთ უკრაინის ჰუმანიტარულ, სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. ახლა მათ სჭირდებათ პრაქტიკული მხარდაჭერა ზამთრის გადასატანად. ვერთიანდებით „ევროპული ქალაქების ასოციაციასთან“, რათა უკრაინას ელექტროენერგიის გენერატორები მივაწოდოთ. საავადმყოფოებსა და ადამიანებს ელექტროენერგია და სუფთა წყალი მოვაწოდოთ. მოვუწოდებ ევროპის ყველა ქალაქს, შემოუერთდნენ ჩვენ „იმედის გენერატორების“ კამპანიას“, - აცხადებს რობერტა მეცოლა.
23 ნოემბერს რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ათამდე ოლქზე. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ენერგოობიექტებსა და საცხოვრებელ სახლებზე. მომხდარის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 10 ოქტომბრიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა განახორციელეს 7 მასირებული სარაკეტო შეტევა. რუსეთის ძირითადი სამიზნე უკრაინის ენერგოსისტემაა. ენერგოობიექტების ნახევარი დანგრეული, ან დაზიანებულია, რამაც უმწვავესი ენერგოკრიზისი გამოიწვია.


