"რუსეთის ტაქტიკა, დატოვოს მშვიდობიანი მოსახლეობა სიცივესა და სიბნელეში, უკრაინისა და მისი პარტნიორების სიმტკიცეს არ გატეხს"
24/11/2022 06:23:30 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ "რუსეთის ტაქტიკა, დატოვოს მშვიდობიანი მოსახლეობა სიცივესა და სიბნელეში, უკრაინისა მისი პარტნიორების სიმტკიცეს არ გატეხს".
"უკრაინის მასშტაბით მილიონობით ადამიანმა თავი თავშესაფრებს შეაფარა, როდესაც რუსეთმა კვლავ განაახლა სარაკეტო იერიში. ინფრასტრუქტურაზე უწყვეტი თავდასხმები მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის სიცივესა და სიბნელეში დატოვებისკენ. ეს საშინელი ტაქტიკა არ გატეხს უკრაინისა და მისი პარტნიორების სიმტკიცეს“, – აცხადებს ბლინკენი.
23 ნოემბერს რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ათამდე ოლქზე. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ენერგოობიექტებსა და საცხოვრებელ სახლებზე. მომხდარის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 10 ოქტომბრიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა განახორციელეს 7 მასირებული სარაკეტო შეტევა. რუსეთის ძირითადი სამიზნე უკრაინის ენერგოსისტემაა. ენერგოობიექტების ნახევარი დანგრეული, ან დაზიანებულია, რამაც უმწვავესი ენერგოკრიზისი გამოიწვია.


