რომის პაპმა უკრაინაზე რუსეთის შეტევა „გოლოდომორს“ შეადარა
23/11/2022 19:28:17 მსოფლიო
რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის ომი უკრაინაში 1930-იანი წლების მოვლებებს შეადარა, რომელც ცნობილია როგორც „გოლოდომორი“. საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინელი გლეხების დასჯის მიზნით, ხელოვნურად გამოიწვია მასობრივი შიმშილობა, რასაც სულ მცირე 2,2 მილიონი (ზოგიერთი მონაცემებით, 10 მილიონამდე) უკრაინელი ემსხვერპლა. ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა პეტრეს მოედანზე ისაუბრა.
„ამ შაბათს არის „გოლოდომორის“ – 1932-1933 წლებში შიმშილით მასობრივი მკვლელობის წლისთავი, რომელიც განზრახ პროვოცირებული იყო სტალინის მიერ. ვილოცოთ ამ გენოციდის მსხვერპლთათვის და მრავალრიცხოვანი უკრაინელებისთვის: ბავშვებისთვის, ქალებისა და მოხუცებისთვის, რომლებიც დღეს განიცდიან ტანჯვას აგრესიის გამო“, - მოუწოდა საზოგადოებას პაპმა.
მანამდე რომის პაპმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სურდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა, რათა ეცადა ომის შეჩერება. რომის პაპი რუსეთის საელჩოშიც იმყოფებოდა, რაც უპრეცედენტოდ შეფასდა, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ "ამჟამად ეს არ არის საჭირო".
მან სექტემბერში ამ ომს „მესამე მსოფლიო ომი უწოდა“. 2 ოქტომბერს პაპმა პირველად მიმართა ორივე ქვეყნის პრეზიდენტებს და მოუწოდა ომის დასრულებისკენ. მან პუტინს სთხოვა „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“, ზელენსკის კი „ღია ყოფილიყო სამშვიდობო წინადადებებისადმი“: „სამწუხაროა, რომ მსოფლიო უკრაინის გეოგრაფიას სწავლობს ისეთი სახელებით, როგორიცაა ბუჩა, ირპენი, მარიუპოლი, იზიუმი, ზაპოროჟიე და სხვა ადგილები, რომლებიც ენით აუწერელი ტანჯვისა და შიშის ადგილებად იქცა. და რა შეიძლება, ითქვას იმაზე, რომ კაცობრიობა კვლავ ატომური საფრთხის წინაშე დგას? ეს აბსურდია“.
უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მასიური თავდასხმების შემდეგ, რომის პაპმა მკაცრად დაგმო დაბომბვები და მათ დაუნდობელი უწოდა. ბოლოს მან მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა 9 ნოემბერს. პაპმა აღნიშნა, რომ სამხედრო კონფლიქტები წყდება არა „იარაღის ინფანტილური ლოგიკით, არამედ დიალოგის რბილი ძალის დახმარებით“.


