ბაიდენმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის კიდევ $400 მილიონის გამოყოფის დავალება გასცა
23/11/2022 17:44:52 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით კიდევ 400 მილიონი დოლარის გამოყოფის დავალება გასცა.
„სახელმწიფო მდივანს ვაძლევ უფლებამოსილებას, უხელმძღვანელოს უკრაინის დასახმარებლად 400 მილიონ აშშ დოლარის გამოყოფას თავდაცვითი დანიშნულების, თავდაცვის სამინისტროს მომსახურეობის,სამხედრო განათლებისა და სწავლებისთვის საჭირო საშუალებებისთვის“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ამ გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა აშშ–ს.
„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგის დროს მუდმივად ხაზს ვუსვამ, რომ მტრის ტერორზე საუკეთესო პასუხი ძალაა.
უკრაინის სამხედრო დახმარება არის ძალა, რომელიც მოგვცემს ომში გამარჯვების საშუალებას“, - წერს ანდრეი ერმაკი ტელეგრამაში.15 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს სთხოვდა უკრაინისთვის დახმარების სახით 37 მილიარდ დოლარზე მეტის სასწრაფო გამოყოფა.
10 ნოემბერს პენტაგონმა ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინისთვის ახალი 400 მილიონი დოლარის თავდაცვითი პაკეტის შესახებ. კერძოდ, ახალი პაკეტი უზრუნველყოფს უკრაინას დამატებით HIMARS–ის ჭურვებით, Hawk რაკეტებით, Avenger-ის საჰაერო თავდაცვის ოთხი სისტემით, საარტილერიო ჭურვებით, ცივი ამინდისგან დამცავი სამოსითდა ა.შ.
ჯამში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის 18,6 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი შეიჭრა მეზობელ სახელმწიფოში.


