
„სარდლობა სურათს მალავს, ხალხი დეზერტირობაზე ფიქრობს, საშინელი დამოკიდებულებაა“: რუსი სამხედროები დონეცკში არსებულ ვითარებაზე ყვებიან
23/11/2022 10:50:15 ევროპა
ნოემბრის დასაწყისში რუსეთის საზღვაო ქვეითებმა 155-ე ცალკეული ბრიგადიდან მიმართვა ჩაწერეს პრიმორიეს გუბერნატორის ოლეგ კოჟემიაკოს სახელზე, რომელშიც ისაუბრეს არმიის მძიმე დანაკარგებზე, რომელსაც, მათი თქმით, სარდლობა მალავს:
„ჩვენ მორიგ ჯერზე გადაგვისროლეს გაუგებარ შეტევაზე გენერალმა მურადოვმა და მისმა თანამემამულე ახმედოვმა, რათა მურადოვმა გერასიმოვის თვალში ბონუსები ჩაიწეროს, ხოლო ახმედოვს მურადოვი რუსეთის გმირის სტატუსს დაჰპირდა. შედეგად, ჩვენ და კამჩატკას საზღვაო ქვეითები ვუტევთ პავლოვკას [სოფელი დონეცკის რეგიონში]. „დიდი გენერლების“ მიერ „დეტალურად“ დაგეგმილი შეტევის შედეგად 4 დღეში დავკარგეთ 300-მდე ადამიანი (მოკლული, დაჭრილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული), ტექნიკის 50%. ეს მხოლოდ ჩვენი გუნდიდან. ოლქის სარდლობა ახმედოვთან ერთად ამას მალავს და პასუხისმგებლობის შიშით ზარალის ოფიციალურ ოდენობას არ ამჟღავნებს“.
მიმართვის ადრესატმა ცნობების გადამოწმება პროკურატურას დაავალა, თუმცა იმთავითვე არ გამორიცხა, რომ ვიდეო ყალბი იყო. შემდეგ მან გამოაქვეყნა სამი ვიდეო, როგორც ამტკიცებდა, 155-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითებისა და ბატალიონ „ვეფხვების“ წევრების. ამ შემთხვევაში სამხედროები ამბობდნენ, რომ ბრძოლები მართლაც მძიმეა და არის დანაკარგებიც, მაგრამ "ყველაფერი კარგადაა". თავდაცვის სამინისტრო ასევე ამტკიცებდა, რომ ქვედანაყოფის დანაკარგები „არ აღემატება შემადგენლობის 1%-ს და დაჭრილთა 7%-ს“.
მოგვაინებით, 22 ნოემბერს, „მედიაზონას“ დაუკავშირდა 155-ე ბრიგადის კონტრაქტორი, რომელმაც თქვა, რომ სამხედროები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, პავლოვკაში დატოვეს, დანარჩენები კი ზურგში გადაიყვანეს.
„ბრიგადაში 4000-მდე ადამიანი იყო, თუმცა ყველა მათგანი არ იბრძვის: არის ზურგი, საარტილერიო დანაყოფები და ა.შ. ჩვენს ტაქტიკურ ჯგუფში 500–მდე ადამიანი, რომელიც მუდმივად დაუკომპლექტებელი. უკვე სამი თვეა, რაც ამ მიმართულებაზე ვარ. ბრძოლები ყოველ დღე იყო, გარდა 9–10 ნოემბრისა. ამ ხნის განმავლობაში პავლოვკასთან 450-500 ადამიანი დაიღუპა. ამის მიზეზი არის ჯარისკაცების კონცენტრაციის ადგილების მუდმივი დაბომბვა იდიოტი ოფიცრებისა და უსარგებლო შეტევების გამო. გუბერნატორისადმი მიმართვაზე არ იყო ისეთი პასუხი, რასაც ველოდით. გვეგონა, ტაქტიკას შეცვლიდნენ. მაგრამ სამსახურზე უარის მთქმელებს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ემუქრებათ. პირადადაც დავწერე უარი, მაგრამ ჩემი მოხსენება „სასწაულებრივად“ გაქრა. [14 ნოემბერს] პავლოვკაზე ავიღეთ სრული კონტროლი, მაგრამ მეტი ადამიანი დაიკარგა. ჩვენმა სარდლობამ გადაწყვიტა ცირკის მოწყობა – ჯარისკაცების დაჯილდოება. მოკლედ, თავად სამხრეები შეინარჩუნეს, ჩვენ კი მედლები გვაქვს, რომლებიც არაფერში გვჭირდება – ბიჭებს ვერავინ გააცოცხლებს. ფსიქოლოგიურად ყველა მძიმედაა, არავის ეზეიმება, რადგან ბევრი ბიჭი დაიღუპა. პირადად ოთხი ოთხი მეგობარი დავკარგე სულ რაღაც ორ დღეში. მაგიჟებს, რომ ხელმძღვანელობა ადამიანებზე არ ფიქრობს. მათ სჭირდებათ მედლები, სამხრეები და ბოზ...მზად არიან, ადამიანები გარდაუვალ სიკვდილამდე გაგზავნონ, თავად კი ზურგში სხედან.
სარდლობამ შემდეგ გადაწყვიტა ბრიგადის გაყვანა პავლოვკადან. ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ არა დიდხანს: ყველა არ გაჰყავთ. ვინც ყველაზე მეტად იყო აღშფოთებული, ვინც დაწერა საჩივრის წერილი და უარი თქვა შტურმზე, კვლავ რჩებიან თავიანთ პოზიციებზე, ხოლო ვინც არ ეწინააღმდეგებოდა ბრძანებას, ზურგში გადაიყვანენ როტაციისთვის. მე ვრჩები, რადგან საკუთარ პოზიციას არ ვმალავდი. მოკლედ, საჩივრის შედეგებს ვგრძნობთ: დასკვნები კი არ გამოაქვთ, უბრალოდ სჯიან. ვფიქრობ, მათ სურთ, მთლიანად გაანადგურონ ყველა უსარგებლო ადამიანი, ეს კი საომარი მოქმედებების დროს არაა პრობლემა, ძალიან მარტივიც კია. აქ მორიგ ჯერზე დავრწმუნდი, თუ რამდენად არაფერს ნიშნავს ჩემი სიცოცხლე – ჩვენ გვხელმძღვანელობს ხალხი, რომელთაც არ აინტერესებთ ხალხი, მაგრამ არა თავიანთი სამხრეები და რეპუტაცია. ამის გაცნობიერება საშინელებაა!“,– უყვება გამოცემას სამხედრო ფრონის ხაზიდან.
მისი თქმით, ბრიგადა თითქმის მთლიანად გატეხილი და დაუკომპლექტებელია:
„ყველაფერი დამოკიდებულია იმ მოხუც სამხედროებზე, რომლებიც ავარჯიშებენ ახალგაზრდებს. შესაბამისად, ბრიგადა სრულად არ კარგავს საბრძოლო ეფექტურობას.
მაგრამ ახლა, როდესაც ჩვენ ნელ-ნელა გვანადგურებენ და სანაცვლოდ აჰყავთ მობილიზებულები, ასეთი დანაყოფი უსარგებლოა. ბრიგადაში ბევრი მობილიზებული ჰყავთ, რადგან პავლოვკაში დიდი დანაკარგები იყო. ძირითადად, მცირე ზომის იარაღი გვაქვს, მძიმე იარაღი თითქმის აღარაა – ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა განადგურდა, რაც დარჩა, ან მხოლოდ ისვრის, ან მხოლოდ მოძრაობს. საკვების დეფიციტია. სარდაფებში ვაგროვებთ, რაც დარჩა. ძირითადად, მშრალი რაციონი მოაქვთ და ისიც არა ყოველთვის. მხოლოდ პავლოვკასთან 450 ადამიანი დავკარგე, საომარი მოქმედებების მთელი პერიოდის განმავლობაში 900-მდე დაგვეჭრა ან დაგვეღუპა, მაგრამ უმეტესობა დაღუპულია. ხალხი ფიქრობს დეზერტირობაზე და მე მესმის მათი, რადგან თავადაც ვფიქრობ, როგორ გავაკეთო ეს. ყოველთვის პატიოსნად ვემსახურებოდი სამშობლოს და ამას ვგმობდი, მაგრამ ახლა ეს ალბათ ერთადერთი გზაა ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად. ვერ ვხვდები, რატომ არის ასეთი დამოკიდებულება პირადი შემადგენლობის მიმართ, თუ არ არის საკმარისი ხალხი და მობილიზება უწევთ“.