რუსეთმა დრონების მარაგი სავარაუდოდ, ამოწურა და მის შევსებას ეცდება – ბრიტანული დაზვერვა
23/11/2022 08:35:58 მსოფლიო
რუსეთს, სავარაუდოდ, ამოეწურა დრონების მარაგი, რომელთაც უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებდა და დაიწყებს მეტის ძიებას,– იუწყება ბრიტანული დაზვერვა 23 ნოემბრის ანგარიშში.
„დაახლოებით,17 ნოემბრიდან მოყოლებული, უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული დარტყმები საჯაროდ არ დაფიქსირებულა. როგორც ჩანს, რუსეთმა თითქმის ამოწურა თავისი ამჟამინდელი მარაგი, მაგრამ დიდი ალბათობით, ეძებს მისი შევსების გზებს. რუსეთი სავარაუდოდ, შეძლებს უცხოეთიდან უპილოტო საფრენი აპარატების შეძენას უფრო სწრაფად, ვიდრე მას შეუძლია ახალი ფრთოსანი რაკეტების წარმოება ქვეყნის შიგნით“, - ნათქვამია ანგარიშში.
დაზვერვის ცნობით, რუსეთმა სექტემბრის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ ირანული წარმოების ასობით დრონი გაუშვა.
„რუსეთიამ იარაღს ძირითადად ტაქტიკური სამხედრო მიზნებისა და უკრაინის ენერგეტიკული ქსელის წინააღმდეგ იყენებდა. თუმცა, ახლახან რუსეთის სარდლობას, ალბათ, ასევე მოუნდა, რომ ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებისთვის პრიორიტეტი მიანიჭონ სამედიცინო დაწესებულებებს, როგორც შესაძლო სამიზნეებს და დაარტყან მათ“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
დაზვერვამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა სავარაუდოდ, მოიფიქრა უპილოტო საფრენი აპარატების კამპანია ფრთოსანი რაკეტების მწვავე დეფიციტის ასანაზღაურებლად, მაგრამ ამ მიდგომას ჰქონდა "შეზღუდული წარმატება" უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესობის გაუვნებელყოფის გამო.
რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობა გააქტიურდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ამ ომში, როგორც უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რუსეთი იყენებს ირანული წარმოების შაჰედ-136 კამიკაძე დრონებს უკრაინის ქალაქებზე მასიური თავდასხმებისთვის.


