რუსულ ეკონომიკაზე ხარჯები მცირდება, ჯარის, პოლიციისა და სპეცსამსახურების დაფინანსებას კი რეკორდულად ზრდიან
22/11/2022 19:51:30 მსოფლიო
რუსულ ეკონომიკაზე ხარჯები მცირდება, ჯარის, პოლიციისა და სპეცსამსახურების დაფინანსებას კი რეკორდულად ზრდიან. სახელმწიფო სათათბირომ დღეს 2023-25 წ.წ. ფედერალური ბიუჯეტის პროექტი მეორე - ძირითადი მოსმენით დაამტკიცა.
დოკუმენტის თანახმად, მომავალ წელს რუსეთის მთავრობა გადასახადების სახით 26,13 ტრლნ რუბლის (წლევანდელ მაჩვენებელზე 1,56 ტრლნ-ით ნაკლების) გენერირებას გეგმავს, ხარჯები კი ამ ფონზე 49 მლრდ რუბლით - 29,055 ტრლ-მდე იზრდება, რის შედეგადაც ბიუჯეტში 2,925 ტრლნ რუბლის ოდენობის დეფიციტი წარმოიშობა.
ხელისუფლება ჯამური ხარჯების მესამედის მიმართვას ჯარის, ასევე შიდა ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსებაზე გეგმავს, რომლებმაც სამხედრო მობილიზაციისა და ცხოვრების დონის ვარდნის ფონზე რეჟიმის "სტაბილურობა" უნდა უზრუნველყოს, - იუწყება გამოცემა "The Moscow Times".
"ეროვნული თავდაცვის" მუხლით გათვალისწინებული ხარჯები 4,981 ტრლნ რუბლამდე, ანუ 43%-ით იზრდება იმ თანხასთან შედარებით, რომელიც ერთი წლის წინ მიღებულ 3-წლიან ბიუჯეტში იყო განსაზღვრული.
"ეროვნული უსაფრთხოებისა და სამართალდამცველი საქმიანობის" მუხლით (მოიცავს შსს-ს, როსგვარდიის, სპეცსამსახურების, საგამოძიებო კომიტეტის, პროკურატურის, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტებს) მთავრობა 4,417 ტრლნ რუბლის დახარჯვას გეგმავს, რაც 1,5-ჯერ აღემატება წლევანდელი წლის მაჩვენებელს და უპრეცედენტო ოდენობაა სტატისტიკის ხელმისაწვდომობის მთელი პერიოდის განმავლობაში (2006 წლიდან). წინა რეკორდი ამ მხრივ 2012 წელს დაფიქსირდა, როცა ოპოზიციის საპროტესტო აქციების ფონზე ძალოვანებს დაფინანსება 46%-ით გაუზარდეს.
ამავდროულად, "ეროვნული ეკონომიკის" მუხლით გათვალისწინებული ხარჯი მომავალ 2023 წელს თითქმის 20%-ით მცირდება იმ თანხასთან შედარებით, რომელიც 2022 წელს იყო განსაზღვრული (4,317-დან 3,514 ტრლნ რუბლამდე). იკვეცება ეკონომიკური განვითარების თითქმის ყველა საკვანძო პროექტის დაფინანსებაც. "მრეწველობის განვითარებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდის" პროგრამა, მაგალითად, 30%-ით ნაკლებით (648,3-ის ნაცვლად 457,8 მლრდ რუბლით) დაფინანსდება, "ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციური ეკონომიკის" პროექტი - 18%-ით (169,6-ის ნაცვლად 138,2 მლრდ-ით).
სამედიცინო სექტორის დაფინანსება 29%-ით — 5,236-დან 3,715 მლრდ რუბლამდე იკვეცება, ატომური ენერგომრეწველობის კომპლექსისა - 27%-ით (111,3-დან 81,2 მლრდ-მდე), სატრანსპორტო სექტორისა და გზების მშენებლობისა - 26%-ით (1,653-დან 1,229 ტრლნ-მდე).
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის შენახვა გადასახადების გადამხდელებს 30%-ით ძვირი დაუჯდებათ: "ქვეყნის ხელმძღვანელისა და მისი ადმინისტრაციის ფუნქციონირების" მუხლით გათვალისწინებული ხარჯები 19,131 მლრდ რუბლით განისაზღვრა, მთავრობის დაფინანსება - 9,345 მლრდ რუბლით (წინა წელთან შედარებით, 5%-იანი ზრდა), ფედერაციის საბჭოსი - 7,471 მლრდ რუბლით (10%-იანი ზრდა), სახელმწიფო სათათბიროსი - 13,986 მლრდ-ით (9%-იანი ზრდა).
"ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს, ომისა და რეპრესიული აპარატის მზარდი საჭიროებების უზრუნველყოფას ქვეყნის ეკონომიკის დაფინანსება შესწიროს მსხვერპლად" - აცხადებენ დამოუკიდებელი რუსი ექსპერტები.


