მედია: უკრაინული უპილოტოების შეტევის გამო სევასტოპოლში საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა
22/11/2022 18:54:15 მსოფლიო
უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა სევასტოპოლს შეუტიეს, ორი მათგანი რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, - იუწყება რუსული მედია ქალაქის გუბერნატორ მიხეილ რაზვოჟაევის განცხადებაზე დაყრდნობით და დასძენს, რომ ამ დროისთვის საზღვაო ტრანსპორტის გადაადგილება ქალაქში სრულადაა შეჩერებული.
"ამ წუთებში ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მუშაობას აგრძელებს. გრძელდება უპილოტოების შეტევაც. ყველა სამსახური საბრძოლო მზადყოფნაშია. სამოქალაქო ობიექტები არ დაზიანებულა. მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებას ვთხოვთ", — წერს გუბერნატორი თავის ტელეგრამ-არხში.
- მანამდე სოცქსელში გავრცელდა ცნობები აფეთქებების შესახებ ანექსირებული ყირიმის ქალაქების ევპატორიისა და ბალაკლავის სიახლოვეს.
- დღესვე ყირიმში "ტერორისტული საფრთხის მაღალი დონის" რეჟიმი 7 დეკემბრამდე გაახანრძლივეს.
- ოქტომბერში უკრაინული უპილოტოების შეტევის შედეგად რუსული შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ხომალდი, მათ შორის, მაღალი ალბათობით, უმსხვილესი და ყველაზე უკეთ შეიარაღებული ფრეგატი "ადმირალი გრიგოროვიჩი" დაზიანდა.
- ხსენებული შეტევის შემდეგ რუსეთმა შავ ზღვაში თავისი ფლოტის აქტივობა საგრძნობლად შეამცირა და მისი ნაწილი ნოვოროსიისკის სამხედრო ბაზაზე გადამალა, რომელიც გაცილებით შორსაა საბრძოლო მოქმედებების ზონიდან. თუმცა ბოლო დღეებში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინულ უპილოტოებს ძალუძთ, რუსულ ფლოტს იქაც შეუქმნან საფრთხე.
პარალელურად დღეს გავრცელდა ინფორმაცია ყირიმის ხერსონის ოლქთან მოსაზღვრე ქალაქ არმიანსკის ევაკუაციის შესახებ. მედიის ცნობით, "ქალაქიდან გაჰყავთ სამხედრო და ადმინისტრაციული ობიექტები, რადგან ისინი შესაძლოა, უკრაინული HIMARS-ების მოქმედების ზონაში აღმოჩნდეს".
რუსული მედია კი იუწყება ქალაქში "თავდაცვითი ხაზების თხრისა და წვრთნების წარმოების" თაობაზე.


