მედია: კრემლის დახურულმა კვლევამ რუსეთში ომით გადაღლა და მომავლისადმი პესიმიზმი გამოავლინა
22/11/2022 17:40:40 მსოფლიო
დახურულმა სოციოლოგიურმა კვლევებმა, რომელიც ნოემბრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ჩატარდა, რუსეთის მოქალაქეებში ომით გადაღლა და მომავლისადმი პესიმიზმი გამოავლინა, - იუწყება "Медуза" კრემლში თავის წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს შედეგები ირიბად დასტურდება ღია კვლევების შედეგებითაც. მაგალითად, დამოუკიდებელი სოციოლოგიური კომპანია "Russian Field"-ის მიერ ნოემბერში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ რესპონდენტთა მხოლოდ 19% მოელის თვალსაწიერ მომავალში ცხოვრების გაუმჯობესებას, 57% კი აფიქსირებს, რომ ომის შესახებ ცნობებით გადაიღალა. შედარებისთვის: ივლისის ბოლოს მსგავს პოზიციას გამოკითხულთა დაახლოებით 40% აფიქსირებდა.
ოქტომბერში მედია იუწყებოდა, რომ კრემლის დახურული კვლევები ავლენდა რუსეთის მოსახლეობის განწყობების ცვლას ფრონტზე უკრაინული ჯარის წარმატებების შემდეგ: ომის გაგრძელების მომხრე რესპონდენტთა რაოდენობა საგრძნობლად იყო შემცირებული. მიუხედავად ამისა, იმ დროისთვის მათი რიცხოვნობა მაინც მაღალი იყო და 68%-ს აღწევდა, მაშინ, როცა ომის შეწყვეტას მხოლოდ 22% უჭერდა მხარს.
დამოუკიდებელი სოციოლოგები აღნიშნავენ იმასაც, რომ ბოლოდროინდელი გამოკითხვების შედეგების ანალიზისას აუცილებელია ცენზურისა და მოსახლეობის შიშის ფაქტორის გათვალისწინება.


