რუსეთის ბელგოროდის რეგიონიდან დაბომბვისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან
22/11/2022 13:03:47 მსოფლიო
რუსეთის ბელგოროდის რეგიონის ქალაქ შებეკინოს დაბომბვის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა,– ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
მისი ცნობით, ქალი აფეთქების ტალღამ გადააგდო, რის შედეგადაც თავის ტრავმა მიიღო.
„ექიმები ცდილობდნენ დახმარებას, მაგრამ ის სასწრაფო დახმარების მანქანაში გონს მოუსვლელად გარდაიცვალა", - წერს გუბერნატორი.
მისი თქმით, დაბომბვა უკრაინის მხრიდან განხორციელდა და ძირითად არეალად ვეტერანთა ჰოსპიტალის ტერიტორია იქცა.
მისი ცნობით, ჩამსხვრეულია შენობის მინები, მიმდებარე ტერიტორიაზე კი გაზსადენი დაზიანდა.
გლადკოვის თქმით, საავადმყოფოს პაციენტებს შორის მსხვერპლი არ არის.
ოქტომბრის ბოლოს ბელგოროდის რეგიონში ბეტონის ბლოკებისგან დამზადებული თავდაცვითი კონსტრუქციების დამონტაჟება დაიწყო. კონკრეტულად სად მონტაჟდება ეს კონსტრუქციები, გლადკოვმა არ დააკონკრეტა.


