Associated Press-იდან გაათავისუფლეს რეპორტიორი, რომელმაც პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტაზე მცდარი ცნობები გაავრცელა
22/11/2022 11:58:45 მსოფლიო
Associated Press-მა სამსახურიდან გაათავისუფლა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი ჯეიმს ლაპორტა, რომელმაც პოლონეთში გასულ კვირას ჩამოვარდნილ რაკეტებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. ინფორმაციას მოჰყვა დიდი საერთაშორისო რეზონანსი, ხოლო ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით რამდენიმე ქვეყნის წარმოამდგენელმა რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. კერძოდ, გამოცემამ რაკეტის ჩამოვარდნიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ ნატო-ს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსული წარმოშობის იყო. მოგვიანებით, როგორც პოლონეთმა, ისე ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული რაკეტა რუსული წარმოშობის იყო, თუმცა ის უკრაინულმა ძალებმა რუსული თავდასხმის მოსაგერიებლად გაუშვეს, მან კურსიდან გადაუხვია და პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
Associated Press–ის რედაქციაში მიაჩნიათ, რომ როგორც უმსხვილეს სააგენტოს, რომელიც ახალ ამბებს, თავის მხრივ, მსოფლიოში მრავალ საინფორმაციო სააგენტოს უგზავნის, მათ მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, უკრაინაში ომის ესკალაცია შეეძლო.
მცდარი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სააგენტომ ჩაასწორა გამოქვეყნებული ტექსტი. ჯეიმს ლაპორტა კი, შიდა მოკვლევის შედეგად სამსახურიდან დაითხოვეს. ლაპორტა ყოფილი საზღვაო ქვეითია, რომელიც ავღანეთში მსახურობდა. ის მედიასაშუალებას 2020 წლის აპრილში შტატგარეშე მუშაობის შემდეგ შეუერთდა.


