მედია: ბრიტანეთი უკრაინას ლაზერული დამიზნების მქონე სისტემა Brimstone-ის მეორე თაობის მოდელებს უგზანის
22/11/2022 07:06:56 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი უკრაინას ლაზერული დამიზნების სისტემის მქონე მაღალტექნოლოგიური რაკეტა Brimstone-ს მეორე თაობის მოდელებს უგზანის, – იუწყება Daily Telegraph.
ერთი რაკეტა Brimstone 2 დაახლოებით 175 ათასი გირვანქა სტერლინგი ღირს. ის ძირითადად, განკუთვნილია სახმელეთო სამიზნეების, მათ შორის დიდი სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გასანადგურებლად და შეუძლია წინასწარ დაპროგრამებული სიიდან, მაღალი სიზუსტის რადარის მეშვეობით თავად აირჩიოს შესაფერისი სამიზნე ისე, რომ არ შეეხოს სამოქალაქო სატრანსპორტო საშუალებებს.
გაერთიანებულმა სამეფომ Brimstone-ს პირველი თაობის მოდელები უკრაინას დაახლოებით ნახევარი წლის წინ გაუგზავნა. ამ ტიპის რაკეტებს, როგორც წესი, ავიაგამანადგურებლებიდან ისვრიან, თუმცა უკრაინელი სამხედროები გამშვებ პლატფორმად იყენებენ მოდიფიცირებულ სატვირთო მანქანებს.
გასულ კვირაში კიევში იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა ლონდონისგან მიიღებს კიდევ 50 მილიონი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას.


