
პრეზიდენტი – "რეგიონების კვირეულზე": "ოფიციალური პირებიდან ან არავინ მოვიდა, ან ვერ გაბედა"
21/11/2022 16:39:58 პოლიტიკა, საზოგადოება
21 ნოემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში "რეგიონების კვირეული" გახსნა, რომელიც სვანეთის დღეებით დაიწყო.
გახსნაზე მან აღნიშნა, რომ ღონისძიება პოლიტიკასთან კავშირში არაა და მიუხედავად ამისა, რეგიონების ოფიციალური პირები არ მივიდნენ.
"არანაირად – ან ახლოს, ან შორს – არ არის დაკავშირებული შიდა პოლიტიკასთან. აქ არანაირი მოთხოვნა არ იყო და სრული თავისუფლება იყო მიცემული რეგიონების წარმომადგენლებისთვის. ძალიან მიკვირს, რომ რეგიონებიდან, ოფიციალური პირებიდან, ან არავინ წამოვიდა, ან ვერ გაბედა წამოსვლა. თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები... ოფიციალური პირებიდან, რომლებიც ყველანაირად უნდა იყვნენ ჩვენი რეგიონების განვითარებით დაინტერესებული, არავინ არ გვახლავთ. ამის მიუხედავად, ეს იქნება ძალიან ცოცხალი სამი დღე", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, "რეგიონების კვირეულის" ფარგლებში პრეზიდენტის ადმინისტრაცია ორბელიანების სასახლეს უთმობს მათ ღონისძიებებისთვის:
"ჩვენ ყველას მივწერეთ, ჩამოდით, გითმობთ ამ სასახლეს, კიდევაც ვაფინანსებთ თქვენს ჩამოსვლას... ჩამობრძანდით და ეს ადგილი თქვენია, როგორც გინდათ, ისე მოაწყვეთ, ვინც გინდათ, გამოიყვანეთ და ამით თქვენ თქვენი თავი გამოაჩინეთ ქვეყანაში და ასევე ქვეყნის გარეთ", - თქვა პრეზიდენტმა და აღნიშნა ისიც, რომ გეგმავს, 2023 წლის ოფიციალური ვიზიტების დროს რომელიმე რეგიონის წარმომადგენელი თან წაიყვანოს, "რათა შეძლოს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების დამყარება".
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს ღინისძიება მომავალ წელსაც გაგრძელდება და ისევ მოიპატიჟებენ სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებს:
"იმედი მაქვს, მათი ოფიციალური პირები ცოტა უფრო რეაქტიულები იქნებიან და არ შეეშინდებათ აქ ჩამოსვლა. ეს სასახლე ყველასია. ამას ყოველთვის ვამბობ და ხაზს ვუსვამ. ეს არაა ჩემი, ჩემთან დაკავშირებული. თუ მე ვიღაცებისთვის ვარ უხერხული, ეს სასახლე არ უნდა იყოს უხერხული".
"რეგიონების კვირეულის" დაფუძნების მიზანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, მათი ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა.