რუსეთმა ნავთობის ევროპული ბაზრის 90% დაკარგა და აზიურსაც კარგავს
21/11/2022 15:45:55 მსოფლიო
5 დეკემბერს ასამოქმედებელ ემბარგომდე ევროპის ქვეყნები რუსული ნავთობის შესყიდვების შემცირებას განაგრძობენ. გასული კვირის განმავლობაში საზღვაო პორტებიდან ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში დღე-ღამეში მხოლოდ 95 ათასი ბარელი რუსული ნავთობი გადიოდა, - იუწყება "Bloomberg"-ი სატანკერო გადაზიდვების სტატისტიკაზე დაყრდნობით. მისივე ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან (24 თებერვლიდან) გასაღების უმსხვილეს ბაზარზე რუსული ნავთობის მიწოდებები 92%-ითაა შემცირებული.
მარტში რუსულ ნავთობზე უარი თქვეს შვედეთმა და ლიეტუვამ, აპრილში - გერმანიამ, მაისში - საფრანგეთმა, ივლისში - ფინეთმა. ოქტომბერში საზღვაო იმპორტი შეაჩერა პოლონეთმა. რუსულ ნავთობს ჯერ კიდევ ყიდულობს ნოდერლანდები, სადაც ევროპის უმსხვილესი ნავთობ-პორტი როტერდამი მდებარეობს, თუმცა ამ მიმართულებითაც, წლის დასაწყისთან შედარებით, მიწოდებები 4-ჯერაა შემცირებული. რუსული ბარელები ჯერ კიდევ მიედინება ასევე იტალიაში (დღე-ღამეში 300 ათასი ბარელი), ბულგარეთში (125 ათასი ბარელი), უმნიშვნელო რაოდენობით - ხორვატიასა და რუმინეთშიც. მაგრამ მთლიანობაში, ევროპაში მიწოდებები იანვრიდან დღემდე თითქმის სამჯერ - დღე-ღამეში 1,6-დან 0,6 ლნ ბარელამდეა შემცირებული.
ბოლო პერიოდში რუსეთი ზრდიდა მიწოდებებს აზიაში, რომელზეც სადღეისოდ ბალტიის პორტებიდან გატანილი ბარელების მთლიანი რაოდენობის 3/4 მოდის. და მიუხედავად ამისა, ჯამური საზღვაო ექსპორტი გასულ კვირას დღე-ღამეში 200 ათასი ბარელით - 2,7 მლნ-მდე შემცირდა, რაც სექტემბრის დასაწყისიდან რეკორდულ მინიმუმს წარმოადგენს.
ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში რუსი მენავთობეები ყოველდღიურად საშუალოდ 2,1 მლნ ბარელს ყიდდნენ ინდოეთსა და ჩინეთზე, მათგან 350 ათას ბარელს - ჩრდილოვან რეჟიმში, ტანკერებით, რომლებიც დანიშნულების პუნქტს ასაიდუმლოებენ.
როგორც ცნობილია, აზიის ქვეყნებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული ნავთობის შესყიდვები გააორმაგეს, სარგებლობდნენ რა ორნიშნა ფასდაკლებით, რომელმაც თითოეულ ბარელში 25 დოლარს მიაღწია. თუმცა ახალი სანქციები (ტანკერების დაზღვევის აკრძალვა და ფასის ზედა ზღვრის დაწესება) შესაძლოა, "აღმოსავლეთ ექსპრესზეც" აისახოს. ყოველ შემთხვევაში, ჩინურმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა უკვე დაიწყეს უარის თქმა რუსული ნავთობის პარტიებზე, რომლებიც 5 დეკემბრის, ანუ ემბარგოს ამოქმედების შემდეგ უნდა მისწოდებოდათ. ოქტომბრის ბოლოს კი რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერა ინდოეთის ორმა უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ (Indian Oil Corporation და Bharat Petroleum Corporation Limited). მიზეზად მეორადი სანქციების რისკი დასახელდა, - უამბეს "Bloomberg"-ს წყაროებმა.


