არეულობებს რუსეთში დრონების გამოყენებით ჩაახშობენ
21/11/2022 13:54:10 მსოფლიო
კარცევის სახელობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მოსკოვში გამართულ გამოფენაზე წარმოადგინა კვადროკოპტერი "Шершень", რომელიც როგორც სხვა უპილოტო საფრენ აპარატებთან საბრძოლველად, ისე ულტრაბგერითი ტექნოლოგიის გამოყენებით მასობრივი არეულობების ჩასახშობადაა გამიზნული.
რუსული მედიის ინფორმაციით, კვადროკოპტერის მოქმედების რადიუსი 10 კმ-ითაა განსაზღვრული, მარგი დატვირთვა - 5 კგ-ით. შესაძლებელია ასევე მისი გამოყენება როგორც დაზვერვისთვის, ასევე რეტრანსლატორისა და შემტევი დრონის სახით, რადგან არსებობს კორპუსზე ჩამხშობებისა და ულტრაბგერითი გენერატორების ნაცვლად საბრძოლო მასალის გამშვები მოწყობილობის მონტაჟის შესაძლებლობა.
რუსი მეცნიერები წლის ბოლომდე დრონების კიდევ ორი ახალი მოდელის - "Аист"-ისა და "Бинокль"-ის წარმოებისთვის მომზადებას ვარაუდობენ, ამჯერად - უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, - იუწყება "The Moscow Times". ამ აპარატებმა უკვე გაიარეს სამხედრო-ტექნიკური ექსპერიმენტები და კომისიების დადებითი დასკვნებიც მომზადდა.


