ჰონკონგის ლიდერს სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ COVID-19 დაუდასტურდა
21/11/2022 13:30:54 მსოფლიო
ტაილანდიდან დაბრუნებული ჰონკონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის - ჯონ ლის ტესტმა მის ორგანიზმში კორონავირუსი გამოავლინა. ამჟამად იგი იზოლაციაში იმყოფება, - წერს "Financial Times" ჰონკონგის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით.
ტაილანდში ჯონ ლი აზია-წყნარი ოკეანეს ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობდა და 17-18 ნოემბერს აქტიურად ურთიერთობდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, რა დროსაც ორივე უნიღბოდ იყო.
ცნობისთვის: ჩინეთი ამ დრომდე COVID-19-ის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას აწარმოებდა და მოქალაქეებს იზოლაციას აიძულებდა, მიუხედავად მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგებისა. თავად სი ძინპინმა კი ქვეყნიდან გასვლა მხოლოდ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. გასულ კვირას იგი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში იმყოფებოდა, მონაწილეობდა G20-ის სამიტში ინდონეზიაში და აზია-წყნარი ოკეანეს ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმში ტაილანდში.
ახლა სი სავარაუდოდ, ხუთდღიან კარანტინში იმყოფება, რომელიც სავალდებულოა უცხოეთიდან ჩინეთში ჩამსვლელთათვის.
COVID-19-ის პანდემია სამი წლის წინ დაიწყო. დღემდე კორონავირუსი თითქმის 650 მილიონ ადამიანს გამოუვლინდა, მათგან თითქმის 6,5 მილიონი შემთხვევა ლეტალური შედეგით დასრულდა. სწაკუთრივ ჩინეთში, საიდანაც COVID-19-ის გავრცელება დაიწყო, დაავადდა 288,5 მილიონი ადამიანი, რომელთაგან ვირუსს 5 ათასზე მეტი ემსხვერპლა. ამ დღეებში ქვეყანაში, მაისიდან მოყოლებული პირველად, კოვიდ-პაციენტი დაიღუპა.


