Accentnews.ge
მაკრონი რუსეთს აფრიკაში ანტიფრანგული განწყობების გაღვივებასა და „მტაცებლურ“ გავლენაში ადანაშაულებს

მაკრონი რუსეთს აფრიკაში ანტიფრანგული განწყობების გაღვივებასა და „მტაცებლურ“ გავლენაში ადანაშაულებს

21/11/2022 07:10:12 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთი დაადანაშაულა აფრიკაში ანტიფრანგული პროპაგანდის გაღვივებაში, რათა დაიკმაყოფილოს "მტაცებლური" ამბიციები პრობლემურ ქვეყნებში, სადაც პარიზმა ბოლო წლებში განიცადა სამხედრო წარუმატებლობა და გავლენის ფართო დაკარგვა,– წერს Reuters.

ტუნისში გამართული სამიტის კულუარებში საუბრისას მაკრონს სთხოვეს, უპასუხოს კრიტიკოსებს, რომლებიც აცხადებენ, რომ საფრანგეთი იყენებს ისტორიულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს თავის ყოფილ კოლონიებში საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

"ამ აღქმას სხვები აძლიერებენ. ეს არის პოლიტიკური პროექტი. მე სულელი არ ვარ, ბევრი გავლენიანი ადამიანი, რომელიც ხანდახან თქვენს გადაცემებში ჩნდება, ფულს იღებს რუსებისგან. ჩვენ მათ ვიცნობთ", - თქვა მაკრონმა TV5 Monde-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, „რიგი სახელმწიფოები, რომლებსაც სურთ თავიანთი გავლენის გავრცელება აფრიკაში, ამას აკეთებენ იმისათვის, რომ ზიანი მიაყენონ საფრანგეთს, ზიანი მიაყენონ მის ენას, დათესონ ეჭვები, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ისინი ატარებენ გარკვეულ ინტერესებს“.

საფრანგეთს, ყოფილ კოლონიალურ ძალას, დიდი ხნის სამხედრო კავშირები აქვს ფრანკოფონურ აფრიკაში, ხოლო საფრანგეთის ჯარები ათწლეულის მანძილზე მალიში იყვნენ განლაგებული, როგორც ანტიტერორისტული ოპერაციის ნაწილი.

კრიტიკოსები საფრანგეთის ოპერაციას წარუმატებელს უწოდებენ და მას რეგიონის შემდგომ დესტაბილიზაციაში ადანაშაულებენ.

ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს სიტუაციაზე კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ სამხედროების განლაგებით რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მალიში.

პარიზს იძულებული გახდა, ჯარები გაეყვანა მალიდან მას შემდეგ, რაც აფრიკული ქვეყნის სამხედროები ხელისუფლებაში მოვიდნენ 2020 წლის გადატრიალების შედეგად, ურთიერთობებში განხეთქილების ფონზე. ამის შემდეგ სამხედრო ხელმძღვანელობამ მოიწვია „ვაგნერის“ ჯგუფი, რათა დაეხმარებოდა ისლამისტებთან ბრძოლაში და საფრანგეთთან კავშირების გაწყვეტაში.

რუსეთმა განაცხადა, რომ „ვაგნერის“ ჯგუფი არ წარმოადგენს რუსეთის სახელმწიფოს და მისგან ხელფასს არ იღებს. მაგრამ ევროკავშირმა სანქციები დაუწესა კერძო სამხედრო კომპანიას და დაადანაშაულა იგი რუსეთის მთავრობის სახელით ფარულ ოპერაციებში.

გაეროს გასული წლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსმა სამხედრო ინსტრუქტორებმა და ადგილობრივმა ჯარებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გამოიყენეს გადაჭარბებული ძალა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, განახორციელეს განურჩეველი მკვლელობები, სკოლების დარბევა და ფართომასშტაბიანი ძარცვა.

კვირას მაკრონმა თქვა, რომ რუსეთის ქცევა "მტაცებლურია".

„საკმარისია, დააკვირდეთ, რა ხდება ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში ან სხვა ადგილებში, დაინახავთ, რომ რუსული პროექტი, რომელიც იქ ხორციელდება, როდესაც საფრანგეთი განზეა, მტაცებლობის პროექტია“, - თქვა მაკრონმა და დასძინა, „ეს კეთდება რუსული სამხედრო ხუნტას თანამონაწილეობით“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S