IAEA: "ვინც ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ძლიერი აფეთქებების უკან დგას, ცეცხლს ეთამაშება"
21/11/2022 06:00:18 მსოფლიო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) აცხადებს, "ვინც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ძლიერი აფეთქებების უკან დგას, ცეცხლს ეთამაშება".
"კიდევ ერთხელ გაგვიმართლა, რომ ბირთვული ინციდენტი არ მოხდა. შემდეგ ჯერზე შეიძლება, არ გაგვიმართლოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს შემდეგი დრო არ დადგეს", -აცხადებენ IAEA–ში.
IAEA იტყობინება, რომ რადიაციის დონე ადგილზე ნორმალურია და არ დაზიანებულია სადგურის ელექტრომომარაგების გარე წყაროები, რომლებიც ომის დროს უკვე რამდენჯერმე გამოირთო.
შაბათ-კვირას უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ძლიერი აფეთქებები მოხდა. აფეთქებებმა კიდევ ერთხელ გამოიწვია შეშფოთება იმის შესახებ, რომ ობიექტთან ასე ახლოს ბრძოლამ შესაძლოა, ბირთვული ავარია გამოიწვიოს.
როგორც IAEA ამბობს, აფეთქებები რეაქტორებთან ახლოს დაფიქსირდა. დაბომბვამ გამოიწვია შენობების, სისტემებისა და აღჭურვილობის დაზიანება.
უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერაა ოკუპირებული. სადგურზე რჩება უკრაინული პერსონალი, თუმცა გენერალური დირექტორი და რამდენიმე სხვა ხელმძღვანელი კიევის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გააძევეს.


