უკრაინის გენშტაბი – რუსეთის შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან
21/11/2022 05:41:47 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან.
გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტ სიროტინოსთან დაარტყეს რუსეთის საოკუპაციო ძალების კოლონას, თუმცა, ინფორმაცია მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ, ჯერ დაზუსტებული არ არის.
უკრაინის არმიის სარდლობის მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 2 სარაკეტო დარტყმა და 60-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. სარაკეტო შეტევა განხორციელდა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. კრივოი როგის და ხერსონის მიმართულებებით მოწინააღმდეგე აწარმოებს პოზიციურ თავდაცვას, სრულყოფს მოწინავე ქვედანაყოფების ფორტიფიკაციას და მომარაგებას და განაგრძობს უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციების საჰაერო დაზვერვას. ბოლო 24 საათში რუსმა სამხედროებმა რეაქტიული არტილერიის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ ხერსონს და რამდენიმე ახლომდებარე სოფელს.
გენშტაბის ცნობით, თავდაცვის ძალების ავიაციამ განახორციელა 6 დარტყმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და საზენიტო სარაკეტო კოპლექსების თავმოყრის რაიონებზე. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის მართვის 2 პუნქტი, საბრძოლო მასალების საწყობი და ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 5 ადგილი.


