მასკმა Twitter-ში ტრამპის აქაუნთი განბლოკა
20/11/2022 18:00:41 მსოფლიო
სოცქსელ Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა აშშ-ის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აქაუნთის განბლოკვა გადაწყვიტა. ამის შესახებ მილიარდერმა სოცქსელში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადა, რომელთა თანახმად, განბლოკვას რესპონდენტთა 51,8%-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 48,2% იყო.
"ხალხმა თავისი აზრი დააფიქსირა. ტრამპის ანგარიშს აღვადგენთ. Vox Populi, Vox Dei [ხალხის ხმა - ღმერთის ხმა]", — წერს მასკი.
ტრამპის აქაუნთი უკვე ხელმისაწვდომია, ყველა შეტყობინება მასში შენარჩუნებულია.
ექს-პრეზიდენტის ანგარიში 2021 წლის იანვარში, მას შემდეგ დაიბლოკა, რაც მისმა მომხრეებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის წაგების შემდეგ კაპიტოლიუმის შტურმით აღება სცადეს. როგორც იმხანად Twitter-ის ხელმძღვანელობამ განმარა, პოლიტიკოსის გამონათქვამებს შეეძლო, ახალი შტურმის პროვოცირება მოეხდინა. იმ დროისთვის ტრამპს უკვე 88 მლნ-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავდა. Twitter-ში ანგარიშის დაბლოკვის შემდეგ ექს-პრეზიდენტმა საკუთარი სოცქსელი - Truth Social შექმნა.
თავად ტრამპმა განაცხადა, რომ Twitter-ში დაბრუნებას არ აპირებს. "ამისათვის ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ. Twitter ჯერ კიდევ ზიანდება ფეიქ-აქაუნთებისა და ბოტების გამო, Truth Social კი პირიქით, ფენომენალურად კარგად მუშაობს", — განაცხადა ექს-პრეზიდენტმა რესპუბლიკური ებრაული კოალიციის ყოველწლიურ შეკრებაზე სიტყვით გაოსვლისას. ამასთან, მან შეაქო ილონ მასკი და აღნიშნა, რომ "იგი ყოველთვის მოსწონდა".
მანამდე ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება გამოაცხადა. "ვიბრძოლებ ისე, როგორც არავის უბრძოლია ჩემამდე. ჩვენ დავამარცხებთ რადიკალ დემოკრატებს და შევაჩერებთ ჩვენი ქვეყნის ნგრევას", — განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის გაზაფხულზე ილონ მასკმა Twitter $44 მლრდ-ად იყიდა.


