რუსეთ-გერმანიის ფორუმი "პეტერბურგული დიალოგი" საბოლოოდ იშლება
20/11/2022 17:10:21 მსოფლიო
რუსეთისა და გერმანიის სამოქალაქო საზოგადოებების ფორუმი "პეტერბურგული დიალოგი" 2023 წლის I კვარტლისთვის დაგეგმილ რიგგარეშე შეკრებაზე საბოლოოდ გაუქმდება. დაშლის გადაწყვეტილება ფორუმის მმართველმა საბჭომ მიიღო. შეკრების ზუსტი თარიში 22 ნოემბერს გაირკვევა, - იუწყება გამოცემა "Der Spiegel".
"პეტერბურგის დიალოგი" რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა გერხარდ შროდერმა 2001 წელს დააფუძნეს. მიზნად ორი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებების კავშირების განვითარება იყო დასახელებული. ფორუმი ფინანსდებოდა სხვადასხვა ფონდებიდან, ასევე ბიზნეს-საზოგადოებების წარმომადგენლებისა და გერმანიის საგარეო უწყების მიერ. რუსეთის მხრიდან ფორუმის თანათავმჯდომარე "გაზპრომის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი ვიქტორ ზუბკოვი იყო, გერმანიის მხრიდან — გადამდგარი ფედერალური მინისტრი რონალდ პოფალა.
ფორუმის ბოლო სრულფასოვანი შეკრება დაახლოებით სამი წლის წინ ბონში ჩატარდა. მანამდე იგი ყოველწლიურ ხასიათს ატარებდა და მხოლოდ ერთხელ - 2014-ში, ყირიმის ანექსიის გამო გადაიდო.
მიმდინარე წლის 18 ნოებერს რუსეთმა ქალაქ სოჭში ფორუმის ფარგლებში მოქმედი მედიაჯგუფის სხდომა ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ გერმანული მხარის წარმომადგენლებს მასში მონაწილეობა არ მიუღიათ, მრგვალ მაგიდაზე გერმანიის დროშა იყო წარმოდგენილი. გამოცემა "Российская газета"-მ კი დაწერა, რომ გერმანელმა კოლეგებმა შეკრებაში მონაწილეობა "დასავლეთის ქვეყნების მხრიდან არნახული პრესინგის გამო ვერ მიიღეს".
არადა, ფორუმის გერმანულმა საორგანიზაციო კომიტეტმა ყველა ორმხრივი ღონისძიება ჯერ კიდევ 2021 წლის ივლისში შეაჩერა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ფორუმის რამდენიმე მონაწილე "არასასურველ ორგანიზაციებად" გამოაცხადა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა "მეგობრულ" ეგვიპტეში გაერო-ს კონფერენციის ფარგლებში გამართულ რუსულ მრგვალ მაგიდას იგნორირება გაუწიეს. "მე ყველა მოვიწვიე, მაგრამ არავინ მოვიდა", — დაიჩივლა მაშინ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, ბუნების დაცვის სრულიად რუსეთის საზოგადოების თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ფეტისოვმა. ამის ნაცვლად რუსეთს უკრაინაში "მკვლელობებისა და ნგრევების შეწყვეტის აუცილებლობა" შეახსენეს, რის შესახებაც თავის გამოსვლაში ეგვიპტეს პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ას-სისიმაც განაცხადა.


