Accentnews.ge
კრემლი სავარაუდოდ, მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება – ISW

კრემლი სავარაუდოდ, მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება – ISW

19/11/2022 12:17:55 მსოფლიო

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ საშემოდგომო გაწვევა მიმდინარეობს, რუსეთი კვლავ ემზადება ფარული მობილიზაციისთვის, რაც მათი შეფასებით, კიდევ უფრო დააზიანებს უკრაინის ფრონტზე რუსული ჯარების გადაყვანის საერთო ხარისხს.

მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულება 31 ოქტომბერს ოფიციალურად გამოაცხადა, რუსულ ტელეგრამ არხების მიხედვით, კრემლი მეორე ტალღისთვის აქტიურად ემზადება - წერს ISW.

"ნაციონალისტი სამხედრო ბლოგერები დამატებით ავრცელებენ ცნობებს, რომ საყოველთაო მობილიზაცია დეკემბერში ან იანვარში დაიწყება. დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემამ 18 ნოემბერს გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, სადაც ნაჩვენებია, რომ სახელმწიფო სტრუქტურები და საწარმოები თავიანთ თანამშრომლებს მობილიზაციისთვის ამზადებენ და მათ სხვადასხვა საწვრთნელ პროგრამასა და მობილიზაციასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო კურსებზე გზავნიან", - აღნიშნულია ანგარიშში.

სხვა რუსული გამოცემის თანახმად კი, მოსკოვის ოლქის ერთ-ერთმა სამხედრო სასამართლომ უნებლიედ დაადასტურა, რომ მობილიზაცია მისი ფორმალურად დასრულების მიუხედავად, მაინც გრძელდება - კერძოდ სასამართლომ მობილიზებული სამხედრო 13 ნოემბერს თავისი მეთაურის ცემაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს "სამხედრო სამსახურის ვალდებულებების შესრულების დროს ან მობილიზაციის პერიოდში ამ ვალდებულებების შესრულებასთან კავშირში" გააკეთა.

ISW აღნიშნავს, რომ მიმდინარე საშემოდგომო გაწვევასთან ერთად ფარული მობილიზაციის ძალისხმევის გაგრძელება და პოტენციური მზადება მობილიზაციის კიდევ ერთი ტალღისთვის, კიდევ უფრო აზიანებს უკვე გადატვირთულ რუსული ძალების ფორმირების მექანიზმს.

მკვლევარები მიუთითებენ, რომ ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია პირველი ნოემბრის გაწვევის კლასისთვის ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გასათავისუფლებლად შეაჩერა, თუმცა მათი თქმით, აშკარაა, რომ რუსეთის ხელისუფლებას სრულიად არასდროს შეუწყვეტია მობილიზაციის ძალისხმევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მობილიზებული სამხედროები იძულებულები არიან სამხედრო წვრთნები წვევამდელებთან ერთად გაიარონ. ISW-ის შეფასებით, ეს კიდევ უფრო შეასუსტებს რუსული ჯარების მომზადების საერთო ხარისხს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს არ იყო ნაწილობრივი – გაწევის დოკუმენტი მიიღეს ყველა პროფესიის ადამიანებმა. ამასთან, მობილიზაციას დაექვემდებარენ სამხედრო სამსახურთან შეუთავსებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანები.

31 ოქტომბერს პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა, თუმცა ოფიციალური განკარგულება არ მიუღიათ, რადგან როგორც დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, "საჭირო არ იყო". მაგრამ როგორც იურისტები განმარტავენ, მობილიზაციის დასასრულებლად, ისევე როგორც გამოსაცხადებლად პრეზიდენტის ბრძანებულებაა აუცილებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S