
განათლების მინისტრი: "რუსულენოვან კლასებში ბავშვების რაოდენობა უკრაინელი მოსწავლეების გამოა გაზრდილი"
18/11/2022 16:05:03 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქვეყანაში რუსულენოვან სკოლებსა და სექტორებში მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა უკრაინაში ომის დაწყებას უკავშირდება. ამის შესახებ მან პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
„2022 წლის 1 იანვრიდან, საჯარო და კერძო სკოლებში, რუსული სკოლები არ დამატებულა, ხოლო 2 საჯარო სკოლაში რუსულმა სექტორმა ფუნქციონირება საერთოდ შეწყვიტა. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, 11 რუსულენოვანი სკოლა და 45 სექტორი გვაქვს. ამასთან გაცნობებთ, რომ 2020-2022 წლებში ავტორიზაცია არც ერთ ახალ, რუსულენოვან კერძო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას არ გაუვლია. აქვე განვმარტავ, რომ განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზაცია წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურას, რომლის მიზანია, სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ამავე კანონის მიხედვით, ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების პირობები და ავტორიზაციის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით. 2021 წლის მაისის მდგომარეობით, რუსულენოვან სკოლებსა და სექტორებზე ჩარიცხულ მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენდა 14 222-ს, ხოლო 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით, 16 042-ს. აღსანიშნავია, რომ რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების კონტინგენტის 1 820 მოსწავლით ზრდა უმთავრესად უკავშირდება 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე იმ პირების შემოსვლას, რომლებიც ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის ტერიტორიაზე ვერ აგრძელებენ. გასულ სასწავლო წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა, ხოლო მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 2022-23 სასწავლო წლებში, თბილისში, 220-ე საჯარო სკოლაში კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა და ასევე გაფართოვდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორიც. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს საკუთარი სურვილით შესაძლებლობა კვლავ ეძლევათ სხვადასხვა ენაზე გააგრძელონ სწავლა საქართველოს საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც ქართულ, უკრაინულ და რუსულ, ასევე მათთვის სასურველ სხვა ენებზე. სწორედ, აქედან გამომდინარე, გაზიარდა რუსულენოვან სექტორზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა, რაც არ გულისხმობს რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების რაოდენობის ზრდას“, - განაცხადა ჩხენკელმა.
განათლების მინისტრი პარლამენტში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნიკა მაჭუტაძის, ანა წითლიძის, დავით ხაჯიშვილის, გიორგი გოდაბრელიძის, თამარ ჩარკვიანის, სულხან სიბაშვილის, ბაჩუკი ქარდავასა და გიორგი ბოტკოველის მოთხოვნით მივიდა. მას დეპუტატებმა ოთხი კითხვა დაუსვეს, მათ შორის, რუსულენოვან სკოლებზე, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე, სკოლების ინტერნეტიზაციასა და ლანჩხუთის რაიონში სკოლის დემონტაჟზე.