ჩინეთის ელჩი: "მზად ვართ, შუა დერეფნის კონცეფციის ფარგლებში ვითანამშრომლოთ საქართველოსთან"

18-11-2022 13:26:52 ეკონომიკა ,საგარეო პოლიტიკა

საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ცინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, მათ შორის, საქართველოზე გამავალი, ევროპა–აზიის დამაკავშირებელი დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, შუა დერეფნის კონცეფცია ჩინეთის „ერთი სარტყელი -ერთი გზის“ ინიციატივას შეესაბამება და ქვეყანა მზადაა, ამ კონცეფციის ფარგლებში ითანამშრომლოს საქართველოსთან.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ჩინეთი საქართველოსთან თანამშრომლობას ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების განვითარების მიმართულებითაც გეგმავს.

„ჩინეთს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობის მხრივ აქვს კარგი გამოცდილება, არამედ, კარგად იცის, როგორ გამოიყენოს ინფრასტრუქტურა ეკონომიკური განვითარებისთვის და მზად ვართ, საქართველოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება“, - აღნიშნა ჩინეთის ელჩმა და დასძინა, „გვჯერა, რომ შუა დერეფნის პროექტი საქართველოს, ევრაზიის დამაკავშირებელი პროექტების რეალიზაციაში დაეხმარება“.

ტრანსკასპიური მარშრუტი (TITR, შუა დერეფანი) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გაივლის და შავი ზღვით უკავშირდება ევროპას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები