მედია – IAEA რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს
18/11/2022 06:24:52 მსოფლიო
გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) სამეთვალყურეო საბჭომ დახურულ სხდომაზე მიიღო რეზოლუცია და რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ყველა ქმედება უკრაინის ატომურ ობიექტებზე და დაუყოვნებლივ დატოვოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, – იუწყება Reuters.
გამოცემის ცნობით, კანადის და ფინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტს საბჭოს 35 წევრი ქვეყნიდან 24-მა დაუჭირა მხარი. ხმა წინააღმდეგ მისცეს რუსეთმა და ჩინეთმა. კენიის, ნამიბიის, ინდოეთის, პაკისტანის, საუდის არაბეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და ვიეტნამის წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს. კიდევ ორი წევრი სხდომაზე არ იმყოფებოდა.
საბჭომ მხარი დაუჭირა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის ინიციატივას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დამცავი ზონის შექმნის შესახებ, რათა ამ რაიონში შეწყდეს სროლა და შემცირდეს ავარიის რისკი.
საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს სადგურის უკრაინელ თანამშრომლებზე ზეწოლისა და სადგურის შემოგარენში ელექტროგადამცემი ხაზების არაერთხელ დაცხრილვის გამო, რის შედეგადაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს აგრეგატების გასაგრილებლად აუცილებელი ენერგომომარაგება შეუწყდა.
რუსეთმა რეზოლუციას "არაპროფესიონალურად შედგენილი" უწოდა და გაეროს სააგენტო "საკითხის პოლიტიზებაში" დაადანაშაულა.
უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერაა ოკუპირებული. სადგურზე რჩება უკრაინული პერსონალი, თუმცა, გენერალური დირექტორი და რამდენიმე სხვა ხელმძღვანელი კიევის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გააძევეს. მონიტორინგისთვის ატომურ ელექტროსადგურზე იმყოფებიან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები. ბოლო თვეებში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონი არაერთხელ დაიცხრილა.


